რა მოლოდინი აქვთ "საქართველოს ბანკში" ლართან დაკავშირებით

„საქართველოს ბანკის“ გენერალური  დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის დაკვირვებით, ლარის კურსთან მიმართებაში საგარეო ფაქტორები ისეთია, რომ ეროვნული ვალუტა 2.7-2.8-ის ფარგლებში უნდა იყოს გამყარებული.  

მისივე პროგნოზით, „ლარი გამყარებისკენ უნდა წავიდეს და ამ კუთხით ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“.

„გვესმის, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ არის მარტივი მსესხებლისთვის - მათ უძვირდებათ ცხოვრება. შესაბამისად ამ კუთხით ბალანსის დაცვა, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის განხილვა არის მნიშვნელოვანი. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკის მონაწილე მხარეებმა დაინახონ, რომ ეროვნული ბანკი აქტიურობს და გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელთ არის. ეს საჭიროა, რომ ლარის მიმართ რწმენა აღდგეს და გაძლიერდეს“, – აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, დღეს ეროვნულ ვალუტაზე უარყოფით გავლენას საგარეო ფაქტორები არ ახდენს და საგარეო შოკები სახეზე არ არის.

„ყველანაირი ფუნდამენტური მიზეზი არსებობს, რომ ლარი გამყარდეს. უბრალოდ საჭიროა, ეკონომიკის ყველა მონაწილემ დაიჯეროს, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და როგორც კი ეს რწმენა გაძლიერდება, დარწმუნებული ვარ, ლარიც გამყარდება“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია