"საფრთხის" გამო ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვარი ახალგორელების სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის 

ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ახალგორის ოკუპირებული რაიონის მაცხოვრებლებმა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს გამშვებ პუნქტ „რაზდახანის“ (ოსური სახელწოდება) გახსნის ან იმის განმარტების თხოვნით მიმართეს, რა ელით მათ სამომავლოდ. მიმართვას 242 ადგილობრივი აწერდა ხელს. ბიბილოვისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ერთადერთი, რასაც ამასთან დაკავშირებით ცხინვალში ამბობენ, ისაა, რომ დე ფაქტო მაჟორიტარმა დეპუტატმა ახალგორის რაიონიდან ზაზა დრიაევმა ბიბილოვის საყვედური დაიმსახურა ადგილობრივებთან შეხვედრისა და მათი მიმართვის მისთვის გადაცემის გამო. 

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის დუმილი არ აკვირვებს:

„ზუსტად ორი წლის წინ პრეზიდენტს წერილით მივმართე და პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია, ვფიქრობ, იგივე ბედი ელის ახალგორელების ამ მიმართვასაც. ალბათ, სჯობდა, მასთან პირადად წასულიყვნენ. საკითხში სიცხადე ამ დრომდე არ არსებობს. არადა, კვირაში ერთი დღით მაინც რომ გაეხსნათ საზღვარი, ავადმყოფებს მაინც ექნებოდათ შესაძლებლობა, სამკურნალოდ ან წამლების საყიდლად გასულიყვნენ“.

სანამ ბიბილოვი დუმს, რაიონში ჭორი დადის, რომ დე ფაქტო საზღვარს ახალ წლამდე არ გახსნიან. ამ ფონზე ოკუპირებულ რაიონში ჩარჩენილები არიან თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებსაც სწავლა გასულ ორშაბათს უნდა დაეწყოთ. თბილი ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების გარეშე არიან დარჩენილი მასწავლებლები, რომლებიც რაიონში წეროვანიდან ჩადიან – უკან დაბრუნება მათ ვეღარ მოახერხეს. თუმცა როგორც მეარაყიშვილი ამბობს, გაცილებით რთულია ვითარება ავადმყოფებთან დაკავშირებით, რომლებიც დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვამ სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე დააყენა:

„საქართველოს მოქალაქეები თბილისის კლინიკებში „წითელ ჯვარს“ არ გადაჰყავს, მათთვის სხვა არხი არსებობს – სასწრაფო დახმარების მანქანით "რაზდახანის" გავლით, ეს გამშვები პუნქტი კი უკვე სამი კვირაა, დაკეტილია; ვლადიკავკაზში ან ბესლანში ჰოსპიტალიზაცია მათთვის შეუძლებელია – „ქვედა ზარამაგის“ გავლით ქართული პასპორტით და საშვით არ უშვებენ. 52 წლის მარიამ კენკაძე 9 სექტემბერს ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში სოფელ კენკაანიდან ინსულტით უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს, კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მას ვერც იქ აღმოუჩინეს, ვერც ცხინვალში, ერთი კვირა ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციაში ამყოფეს და მხოლოდ ამდენი წვალების შედეგ გადაუშვეს სამკურნალოდ საზღვარს იქით. თუმცა თბილისის კლინიკაში ქალბატონი იმდენად დაუძლურებული მოხვდა, რომ ექიმები აუცილებელ ოპერაციას კიდევ 4 დღე–ღამის განმავლობაში ვერ უტარებდნენ“.

თამარი ამბობს, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში დე ფაქტო საზღვარს იქით სამკურნალოდ კიდევ ორი ადგილობრივი ოსის – ონკოპაციენტი ქალისა და მამაკაცის გადაყვანა მოხერხდა, თუმცა მათი თბილისის კლინიკებში გადაყვანის მიღწევას 10 დღე დასჭირდა:

„საზღვარზე ავადმყოფის გადასაყვანად  აუცილებელია, რაიონულ ადმინისტრაციას მიმართო, თუმცა რაიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელი პრობლემებს ძალიან დიდხანს ჭრის, დემონსტრაციულად აჭიანურებს პროცესს, თითქოს გვაჩვენებს, რაც მინდა, იმას გავაკეთებო. არ გვესმის, რით დავიმსახურეთ მისგან მსგავსი დამოკიდებულება, ან რის გამო გვამყოფებენ აქ ასეთ მდგომარეობაში. მით უფრო, როცა ვხედავთ, რომ არაერთი ხელმძღვანელი პირი რაიონში საერთოდ არ იმყოფება – ზოგი შვებულებაშია, ზოგი სამსახურს უბრალოდ აცდენს. რა საფრთხეზე საუბრობენ ამის ფონზე – ჩვენთვის სრულიად გაუგებარია: თუკი ვითარება მართლაც იმდენად არასტაბილურია, რომ ამის გამო საზღვრის დახურვა გახდა საჭირო, სამსახურებში რატომ არ დადიან? წესით ხომ ასეთ დროს დღე და ღამე პოსტზე უნდა იყო?!".

ოსი საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო საზღვრის დახურვა ვერ აიხსნება უსაფრთხოების ზომებით, რომლებსაც დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ წნელისთან შექმნილ ვითარებას უკავშირებს:

„უსაფრთხოება და საზღვრის დაკეტვა სხვადასხვა რამაა. ისინი ხურავენ გამშვებ პუნქტებს, მაგრამ საზღვარი იმავე ადგილზე და იმავე მდგომარეობაში რჩება, რომელშიც მანამდე იყო. შესაბამისად, თუ ვინმეს დივერსიის მოწყობა დასჭირდება, საზღვარს უმარტივესად გადმოჰკვეთს. როდესაც საქმე კონკრეტულ ადამიანებს და მით უფრო მათ ჯანმრთელობას ეხება, საკითხი ოპერატიულად უნდა წყდებოდეს. პოლიტიკური მიზნით ადამიანის სიცოცხლით სპეკულირება დაუშვებელია. ის, რომ თბილისში სამედიცინო მომსახურების ხარისხი ვლადიკავკაზთან შედარებით, საგრძნობლად მაღალია, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ვლადიკავკაზელები თავად ჩადიან თბილისში სამკურნალოდ და ლენინგორელებმაც [ახალგორელებმა – რედ.] იქ უნდა იარონ სამკურნალოდ, სადაც თავად ისურვებენ. მათი არგაშვება ველურობაა, მით უფრო, როდესაც მათ ტყვეებად აქცევენ, ხან უშვებენ, ხან – არა“.   

ორი დღის წინ ახალგორელ ქალბატონს წეროვანში ახალგაზრდა ვაჟი გარდაეცვალა. ორი დღე–ღამის განმავლობაში იგი ადმინისტრაციასთან იდგა და შვილის დასატირებლად დე ფაქტო საზღვარზე გადაშვებას ითხოვდა, თუმცა რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი შეუვალი იყო და ქალბატონს უცხადებნენ, რომ  მისი გადაშვება მხოლოდ დე ფაქტო პრეზიდენტს შეეძლო.

„ყოველთვის, როდესაც მსგავსი რამ ხდება, ისრები პრეზიდენტზე გადაჰყავთ, მაგრამ ჩემი აზრით, უბრალოდ პირად პასუხისმგებლობას არიდებენ თავს, როცა ხალხის აბუჩად აგდება სურთ. სულში გვაფურთხებენ. ასე რომ არ იყოს, ახლა იგივე მდგომარეობა გვექნებოდა, რომელიც ვოვა გულიევის დროს იყო: მას ადგილობრივთა ტკივილი გულთან მიჰქონდა და ყველაფერს სწრაფად აგვარებდა. ახლა კი რაიონს პატარა გაბოროტებული ადამიანები მართავენ და ყველა პრობლემა აქედან მოდის“, – დასძენს ამასთან დაკავშირებით თამარ მეარაყიშვილი.

"აქცენტის" ინფორმაციით, ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მცხოვრებ დედას წეროვანში შვილის დასატირებლად გადმოსვლის საშუალება წუხელ მისცეს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
17 დეკემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს