უმრავლესობის წევრმა მოსამართლეობის კანდიდატები „დონ კიხოტებს“ შეადარა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები „დონ კიხოტებს“ შეადარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს, წინა ხელისუფლების დროს სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებსა და სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ჰკითხა.

გეწაძის განცხადებით, მისი კარიერის განმავლობაში, როდესაც ის სასამართლოში მუშაობდა, თუმცა მოსამართლე არ ყოფილა, გასჩენია განცდა, რომ მოსამართლეს სამართლიანად არ მიჰყავდა სასამართლო პროცესი.

„ცოტა გარედან რომ შევხედოთ ამ პროცესს, ალბათ დაგაფიქრებთ, რომ სამ კანდიდატს გავესაუბრეთ, ისინი იმ პერიოდში იყვნენ მოსამართლეები, როდესაც სასამართლოდ დამოუკიდებელი არ იყო. ამბობენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ალბათ არ იყო, ეს იციან, გაუგიათ, მაგრამ მათზე ზეწოლას უარყოფენ. გაუგიათ სხვისი ზეწოლის ამბები, მაგრამ თავად იყვნენ, პოზიტიურ კონტექსტში ვიტყვი, „დონ კიხოტები“, იბრძოდნენ სამართლიანობისთვის. იგივეს ამბობთ თქვენც“, – მიმართა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მორალური ვალდებულება აქვს, ღიად და თამამად თქვას გარკვეული ხარვეზების შესახებ, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობდა და არსებობს.

როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ იყო ზეწოლა სასამართლო სისტემაში და რა სახის იყო.

„თუ სასამართლო თავისუფალი არ იყო, უნდა ვიცოდეთ, რატომ არ იყო. თუ გულწრფელი და თამამი საუბარი არ იქნება იმაზე, რომ მოსამართლე შეზღუდული იყო, თუ მოსამართლე არ გვეტყვის, მაშინ და ახლა რითია შეზღუდული, არ მჯერა, რომ ასეთი მოსამართლე აწი იქნება თავისუფალი. მინდა თავისუფალი, დამოუკიდებელი მოსამართლე, რომელსაც პოლიტიკური კონიუქტურის მიუხედავად სითამამე ექნება. მოსამართლემ უნდა ისაუბროს თამამად, თუნდაც დაშვებულ შეცდომებზე. თუ ადამიანს თვითაღიარების შესაძლებლობა არ აქვს და თავის მონაწილეობას ვერ ხედავს გარკვეულ ხარვეზებში, სამომავლოდ მას ვერ ვენდობი. როცა სასამართლო რეფორმა იგეგმებოდა, სასამართლო სისტემის მთლიანი ცვლა არ უნდა მომხდარიყო, ეს იყო პრინციპული. სასამართლო ყალიბდება ხელისუფლებათა ცვლის მიუხედავად. აღიარებული უნდა იყოს ხარვეზები, რომელიც დაშვებული იქნა ერთი თუ მეორე ხელისუფლების დროს. ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოს შემადგენლობის სრული ცვლა უნდა მოხდეს”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტეში უსმენენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"