დანგრეული ეკონომიკის მქონე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში კოლოსალური მოცულობის ფულადი გზავნილები გაედინება

დანგრეული ეკონომიკის მქონე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში კოლოსალური მოცულობის ფულადი გზავნილები გაედინება. თავად რეგიონში ამას ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნიან. 

ბოლო დრომდე რუსეთი უცხოეთში ფულადი გზავნილების კუთხით მსოფლიოში ერთ–ერთი ლიდერი ქვეყანა იყო, თუმცა ახლა ტენდენცია იცვლება და რუსეთი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისგან ფულადი გზავნილების აქტიურ მიმღებად იქცევა. ამასთან, თავად რუსეთში მუშაობა ახლა გაცილებით ნაკლებსარფიანია, ვიდრე ევროპაში ან ჩინეთში, სადაც საშუალო შემოსავალი რუსულზე საგრძნობლად მაღალია. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ბოლო წლის განმავლობაში რუსეთში ფიზიკურ პირთა გადარიცხვები 20%–ით გაიზარდა. ხოლო რუსეთიდან  20%–ითვე შემცირდა. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოს თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 31,46 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 14,5%–ით ნაკლებია, მთლიანობაში კი წლის დასაწყისიდან რუსეთიდან საქართველოში 2018 წელთან შედარებით, 9 %–ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა, მაშინ, როცა იგივე იტალიიდან, მაგალითად, აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული თანხების ოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდისას 25,6%–ით აღემატება. საქართველოში გადმორიცხვების მიხედვით აშშ, საბერძნეთი, ისრაელი და თურქეთი ლიდერობენ.   

ამ ფონზე, რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, გაიზარდა რუსეთში ფულადი გადარიცხვები ოკუპირებული აფხაზეთიდან. მთლიანობაში წლის პირველი ნახევრის განმავლობაში რუსეთში მყოფ ფიზიკურ პირთათვის უცხოეთიდან ფულადი გადარიცხვების სისტემებით გადარიცხული თანხების მოცულობა 1,579 მლრდ დოლარამდეა გაზრდილი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 21%–ით აჭარბებს, ამასთან, გადარიცხვების კუთხით ლატვიის, ბრიტანეთისა და აშშ–ის გვერდით ოკუპირებულ აფხაზეთს ვხედავთ: ბრიტანეთიდან აღნიშნულ პერიოდში გზავნილების მოცულობა 155 მლნ დოლარით (12–ჯერ), ლატვიიდან 146 მლნ–ით (27–ჯერ), აშშ–დან 76მლნ–ით (2–ჯერ), ოკუპირებული აფხაზეთიდან კი 21მლნ დოლარით( 3–ჯერ) არის გაზრდილი. ოკუპირებული აფხაზეთის შემთვევაში გზავნილების მოცულობის 3–ჯერ გაზრდა დაახლოებით 30 მლნ დოლარამდე მატებას ნიშნავს. 

საიდან ესოდენ კოლოსალური თანხები დანგრეული ეკონომიკის მქონე პატარა ოკუპირებულ რეგიონში? 

ხსენებულმა სტატისტიკამ თავად აფხაზეთში დე ფაქტო სახელმწიფო უწყებებიც კი გააოცა. ბევრმა ისიც კი ივარაუდა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებში რაღაც შეცდომა გაეპარათ. ზოგიერთმა სცადა, ეს მონაცემები ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსების საკრეფად ჩასული „გასტარბაიტერების“ გზავნილებისთვის დაეკავშირებინა, ზოგიერთი კი იმას ამბობს, რომ რუსეთში აფხაზეთიდან სტუდენტების დიდი რაოდენობაა ჩასული და ოჯახები მათ გზავნილებით ეხმარებიან. თუმცა ცხადია, ერთიც სისულელეა და მეორეც  – თუნდაც სტუდენტების მიზერულად მცირე რაოდენობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ციტრუსების კრეფის სეზონი წლის მეოთხე კვარტალზე მოდის, თანაც ამ საქმიანობით ესოდენ კოლოსალურ თანხებს ვერავინ გამოიმუშავებს. 

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 3400 „გასტარბაიტერი“ შრომობს, გასულ წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 2700–ს შეადგენდა, მაშინ, როცა ე.წ. სამშენებლო ბუმის პერიოდში – 2011-2013 წ.წ. (როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში მძლავრი ნაკადით მიედინებოდა რუსული ფინანსური დახმარება) უცხოელი მუშახელის რაოდენობა აქ  საშუალოდ 25-30 000-ს შეადგენდა.

არსებული მონაცემებით, „გასტარბაიტერებს“ შორის რაოდენობით –  40%–ით უზბეკეთის მოქალაქეები ლიდერობენ, რომლებიც უმთავრესად ქალაქის დალაგებაში არიან ჩართულები, მეორე ადგილს ამ მხრივ სომხეთის მოქალაქეები იკავებენ, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებით საქმდებიან, მესამე ადგილზე არიან კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობის განსაკუთრებით მაღალი ხარისხითა და მაღალი დისციპლინით გამოირჩევიან. 60–მდე შრომითმა მიგრანტმა ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივებთან იქორწინა და საცხოვრებლად დარჩა, მათ მიემატნენ სტუდენტები აფრიკული ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთში სწავლობდნენ, თუმცა იმის გამო, რომ გარკვეულ მომენტში სასაზღვრო წესებით ქვეყნიდან უნდა გასულიყვნენ და კვლავ დაბრუნებულიყვნენ, ოკუპირებულ აფხაზეთში აღმოჩნდნენ და იქ ჩარჩნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ბესლან ბარათელია ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში ფულადი გზავნილების კოლოსალურ თანხას გასაკვირად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ „მაგალითად, ამ გზით აფხაზეთში მყოფი მშობლები რუსეთში მყოფ შვილებს საბანკო კარტებს უვსებენ“. თუმცა საიდან აქვთ დანგრეული ეკონომიკის მქონე ოკუპირებულ რეგიონში მყოფ მშობლებს ეს თანხები - ბარათელია, ცხადია, ვერ აკონკრეტებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია