"პუტინის განსადევნად" მოსკოვში მიმავალი შამანის რაზმმა ძალოვანების მუქარების შემდეგ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა

„კრემლიდან პუტინის განსადევნად“ მოსკოვში მიმავალი შამანის – ალექსანდრე გაბიშევის თანაგუნდელების რაზმმა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან (ФСБ) მიღებული მუქარების შემდეგ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და მსვლელობა შეწყვიტა.

როგორც ჟურნალისტებს რაზმის წევრმა ვიქტორ ეგოროვმა განუმარტა,  24 სექტემბერს, საღამოს შამანის მხარდამჭერთა ბანაკში დაუდგენელი პირები მივიდნენ და რამდენიმე წევრი პოლიციაში გადაიყვანეს. იქ კი რაზმის წევრებს დაემუქრნენ, რომ ბანაკს მეორე დილით შტურმით აიღებდნენ, მათ კი ტერორიზმის მუხლით გაასამართლებდნენ.

აღნიშნული შემდეგ მსვლელობის შეწყვეტის და დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

იაკუტიის მაცხოვრებლებმა პეტიცია შეადგინეს და მოითხოვენ შეწყდეს შამანის წინააღმდეგ აღძრული საქმე.  

ცნობისთვის: 23 სექტემბერს შამანის ალექსანდრე გაბიშევის მოსკოვისკენ მიმავალი 6 თანამოაზრე დააკავეს. მიზეზად პოლიციამ საგზაო გადაადგილების წესების დარღვევა, კერძოდ  გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დაასახელა.

დაკავებულებს ადმინისტრაციული წესით გასამართლება ელით, რაც ჯარიმას ან გაფრთხილებას ითვალისწინებს. 

მანამდე ირკუსკში შამანის კიდევ 4 თანამოაზრე ჰყავდათ დაკავებული. მათ ჩხუბში მონაწილეობას ედავებოდნენ, თუმცა საბოლოოდ პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.

ალექსანდრე გაბიშევი მოსკოვის მიმართულებით 4 თვის წინ დაიძრა. იგი რუსეთის პრეზიდენტს „ბნელი ძალების პირმშოდ“ მიიჩნევს, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ შამანებს შეუძლიათ. ამ დროის განმავლობაში მან თითქმის 2000 კმ განვლო და ასობით მოქალაქეს გაესაუბრა. ვიდეოებს, რომელიც გზად მის ქადაგებებს ასახავს, მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

9 სექტემბერს ბურიატიის დედაქალაქში საპროტესტო აქცია დაიწყო. სამი დღის განმავლობაში მისი მონაწილეები, დარბევების მიუხედავად, მოედანს არ ტოვებდნენ. მათი მოთხოვნა ულან–უდეს მერის არჩევნების შედეგების გაუქმება და შამან გაბიშევის დაკავებული მხარდამჭერების გათავისუფლება იყო.

მიმდინარე წლის ივლისში გაბიშევმა მასობრივი მიტინგი მოაწყო ჩიტაში, სადაც ცენტრალურ მოედანზე 700–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. შეკრების მთავარი ლოზუნგი იყო „რუსეთი პუტინის გარეშე“. შამანმა აუწყა შეკრებილებს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე იაკუტიიდან დაძრული, მოსკოვამდე ჩაღწევას  2 წელიწადში აპირებდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ბრძოლა უკვე დაწყებული აქვს და ჯერ–ჯერობით ამ მიზნით მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებს იყენებს, თუმცა თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება „სხვა მეთოდებსაც“ მიმართავს.

რამდენიმე დღის წინ ის დააკავეს, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია