სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა

ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს, თუკი შიგნიდან დავსუსტდებით, დავიქსაქსებით და ერთმანეთს დავუწყებთ ბრძოლას, ეს გახლავთ ჩემი მოწოდება ქართველების და არა მხოლოდ ქართველების მისამართით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მშვიდობას არა მხოლოდ ომი ემუქრება, მას აგრეთვე სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის შიდა საფრთხე, რომელიც მზარდ ზემოქმედებას ახდენს სახელმწიფოებსა და საზოგადოებებზე: პოლარიზაცია, სამოქალაქო ღირებულებების გაუფასურება და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა, ზიზღის შემცველი გამონათქვამები, ყალბი ინფორმაცია, კონსპირაციის თეორიები.

„ყოველივე ეს ქმნის შავ ხვრელს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების სტრუქტურასა და დემოკრატიის საფუძვლებს. პასუხი ჩვენს წინ არის: უნდა გადავსინჯოთ ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: ტოლერანტობა მათ შორის უმნიშვნელოვანესია; პლურალიზმი მხოლოდ ცარიელი სიტყვაა, თუ მასში არ იგულისხმება პატივისცემა სხვათა აზრის მიმართ. საქართველო, რომელიც რელიგიური, ეთნიკური და კულტურული ტოლერანტობისა და ღიაობის საუკუნოვან მაგალითს წარმოადგენს, შეიძლება იმ ბრძოლის ავანგარდში მოექცეს, რომელშიც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. საერთაშორისო საზოგადოებრიობა თავისუფალი მოქალაქეებისა და ჯანსაღი საზოგადოებისგან შედგება. ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს, თუკი შიგნიდან დავსუსტდებით, დავიქსაქსებით და ერთმანეთს დავუწყებთ ბრძოლას. ეს გახლავთ ჩემი მოწოდება ქართველების და არა მხოლოდ ქართველების მისამართით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს დაესწრება