კრემლის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსულ Kommersant-თან ინტერვიუში საქართველოსთან ფრენების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად, ავიამიმოსვლას აღადგენდა. აღნიშნულის მიზეზად მან საქართველოს მოსახლეობის "განწყობა" დაასახელა, პარლამენტში რუს დეპუტატთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კი "ხრიკი" უწოდა.  

რუსეთის საგარეო მინისტრი ირწმუნება, რომ თავად ყოველთვის მხარს უჭერდა "საქართველოსთან მეგობრობას".

„მე ამ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, დარბაზში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობის დროს. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ უხეშად ჩაშალეს ეს ღონისძიება და შემდეგ რუსეთს დააბრალეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც თითქოს რუსოფობიური კამპანია გააჩაღა. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა. მათ წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ. რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა ნამდვილად არ ყოფილა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას“, – აცხადებს ლავროვი.

ამასთან, ლავროვი ირწმუნება, რომ რუსეთს 2019 წლის ზაფხულში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მზად ჰქონდა, თუმცა ივნისის მოვლენებმა ეს პროცესი უკან დახია:

„ეს არ იყო ადვილი. მისი მომზადების პროცესი, გასაგები მიზეზის გამო, რთული იყო. საბოლოოდ, ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით, რათა ხალხებს კომუნიკაციის, კონტაქტების დამყარების საშუალება ჰქონოდათ და ტურიზმის განვითარებას ხელი შეწყობოდა. ივნისის გამოხტომამ, რა თქმა უნდა, უკან დახია მთელი პროცესი,“ - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სავიჟო რეჟიმი რუსეთთან ცალმხრივად 2009 წლიდან აქვს გაუქმებული, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთმა კი აღნიშნული ნაბიჯისთვის მზაობა, მათ შორის პრეზიდენტის დონეზე, თუმცა მხოლოდ განცხადებით, არაერთხელ გამოხატა და კონკრეტული ნაბიჯი არც ერთხელ არ გადაუდგამს. მიზეზად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას ასახელებდნენ. რა შეიცვალა ამ კუთხით 11 წლის შემდეგ, ლავროვს არ განუმარტავს. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეც ადასტურებს, რომ ამ კუთხით დაპირება რუსეთის მხრიდან არაერთგზის გაიცა, თუმცა დაპირება ყოველ ჯერზე დაპირებად რჩებოდა.     

შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსეთმა რუსოფობიის გამოვლინებად 20–21 ივნისის მოვლენები შეაფასა, როდესაც რუსი დეპუატტი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში მოთავსდა და საზოგადოებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდან რუსულ ენაზე მიმართა. აღნიშნულს მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტი. პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვება მოუხდა, ხოლო დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც ლავროვის მიერ ხსენებული ასამბლეის ვიზიტის მომზადებაში იყო ჩართული, – მანდატის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, განვითარებული მოვლენები რუსეთში "რუსოფობიის" გამოვლინებად შეფასდა და პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. რა თქმა უნდა, რუსეთში არ განუმარტავთ, რატომ გახდა საქართველოში ვიზიტი  რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე აგვისტოს 2008 წლის ომიდან 11 წლის შემდეგ, როდესაც გასული 10 წლის განმავლობაში ისინი საფრთხეს არ გრძნობდნენ.   

რაც შეეხება ლავროვის მიერ ხსენებულ "მეგობრობას", რეალურად საქართველოსთან მიმართებაში შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი ამ დრომე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; აგვისტოს ომის შემდეგ ათასობით ქართველი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში და ამ საკითხის დაყენებისას რუსეთის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე დემარშით ტოვებენ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს; სადღეისოდ არსებული მოცემულობით, რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე; მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას; კრემლმა საქართველოს ეს ორი რეგიონი აღიარა "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად"; გრძელდება მცოცავი ანექსია საქართველოს ტერიტორიის მავთულხლართების შემოღობვის სახით, რის გამოც უკვე ომის შემდეგ მოქალაქეებმა დაკარგეს სახლები და სახნავ-სათესი მიწევი; საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადიდან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს; ოკუპაციას უკანასკნელ წლებშიც ჰყავს მსხვერპლი ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და კვარაცხელიას სახით – არც ერთ აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულა.

აგვისტოს ომამდე საქართველოში რუსული "ეფესბე"–ს აგენტების დაკავებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოჰყვა მასშტაბური ეკონომიკური სანქციები, ქართული პროდუქციისთვის დახურა რუსული ბაზარი, გარდა ამისა, ათასობით ქართველი ეთნიკური ნიშნით გამოდევნა რუსეთის ტერიტორიიდან სატვირთო თვითმფრინავებით. დეპორტაციას ახლდა მსხვერპლიც.  საქმე საქართველომ რუსეთს მოუგო სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთს დაეკისრა 10 მილიონი ევროს გადახდა, თუმცა რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაზარალებული მოქალაქეები ამ დრომდე კომპენსაციის მოლოდინში არიან


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა