აფხაზეთში შესაძლოა, „საპრეზიდენტო არჩევნები“ გადაიდოს

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, შემოდგომისთვის  გადაიდოს. ამის შესახებ აფხაზური ე.წ. პარლამენტის "დეპუტატმა" ასტამურ არშბამ დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადა და იქვე განმარტა, რომ ე.წ. საპარლამენტო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს უკვე ამზადებს.

ცნობისთვის: დილიდან დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ სოფელ ტამიშის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ, რომლებიც „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადავადებას მოითხოვენ და მიზეზად ოპოზიციის ლიდერ ასლან ბჟანიას ავადმყოფობას ასახელებენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, „ბჟანიას მოწამლვის ფაქტი სათანადოდ და ობიექტურად იქნას გამოძიებული“.

ტამიშელების მხარდასაჭერად აქციაზე „სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მივიდნენ. ადგილზე დე ფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მობილიზაცია შეიმჩნევა.

დილით მიმდინარე მოვლენებს დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ოპოზიციის ლიდერის ავადმყოფობა უპირველესად, ხელისუფლებას არ აწყობს“:

„ბოლო პერიოდის მოვლენები იმ ჭრილში, როგორც ახლა ცდილობენ, წარმოაჩინონ, უპირველესად, ხელისუფლებას არ აწყობს. ოპოზიცია, ან მისი ცალკეული წარმომადგენლები ცდილობენ, ისეთი სურათი შექმნან, თითქოს ამაში ხელისუფლების ხელი ურევია. არ ვაპირებ თავის მართლებას ან საპირისპიროს მტკიცებას. ამისათვის პროკურატურა და სხვა შესაბამისი ორგანოები არსებობენ და თუ ვინმეს რაიმე მონაცემები გააჩნია, ვალდებულია, შესაბამის უწყებას წარუდგინო და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას“.


შეგახენებთ, რომ 18 აპრილს მძიმე მდგომარეობაში ასლან ბჟანია და მისი დაცვის ორი წევრი –კიასოუ დარსალია და ლევან ბჟანია  ერთი და იგივე სიმპტომებით მოსკოვის კლინიკებში მოათავსეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არსებობდა დაზუსტებული ინფორმაცია მათი სამედიცინო გამოკვლევებისა და დიაგნოზის შესახებ. მოგვიანებით რუსმა ექიმებმა გამოაცხადეს, რომ პაციენტებს მწვავე ბაქტერიული პნევმონია დაუდგინდათ. თუმცა ოჯახი და ბჟანიას თანამებრძოლები ამ ინფორმაციას არ ენდვნენ და სამედიცინო ანალიზები გერმანიაში გადააგზავნეს, საიდანაც, მათი მტკიცებით, მიღებული დასკვნა „ოპოზიციონერი ლიდერის ფიზიკური განადგურების მიზნით დანაშაულებრივი გარე ზემოქმედების“ შესახებ. ამის საფუძველზე ისინი ირწმუნებიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დე ფაქტო გენპროკურორმა ზურაბ აჩბამაც. მან აღნიშნა, რომ უკვე ფორმირებულია სპეციალური ჯგუფი, რომელიც 20 მაისიდან რუსეთის ტერიტორიაზე რუს კოლეგებთან ერთობლივ მუშაობას შეუდგება ამ საქმესთან დაკავშირებით ობიექტური სურათის დასადგენად.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp