ლავროვის პროპაგანდისტული ნარატივი: "2008 წელს არა საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების ბლოკირებაზე, არამედ ხალხის გადარჩენაზე ვფიქრობდით“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მტკიცებით, 2008 წელს კრემლი არა საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების ბლოკირებაზე, არამედ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების „სიცოცხლის გადარჩენაზე“ ფიქრობდა. ეს მორიგი პროპაგანდისტული გაზვნილი მან გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ააჟღერა.

"აქცენტი" ამ მასალიდან ამონარიდის თარგმანს გთავაზობთ:

"– რუს დიპლომატებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით ნატო–ში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დახურა... 

– ჩვენ არაფერი დაგვიხურავს, ეს არ იყო ჩვენი მიზანი. ვადასტურებ, რომ არ გვსურს, ნატო–ს ალყაში მოვექცეთ, ალიანსი ჩვენს საზღვრებს მოეწებოს, მართავდეს წვრთნებს, ათავსებდეს შეიარაღებას, რომლის არგანთავსებას ჯერ კიდევ 1990–იან წლებში, სსრკ–ის რღვევისას გვპირდებოდა. თუმცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მხოლოდ და მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდით. მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის მიცემული ყველა პირობის დარღვევით სამხრეთ ოსეთში ჯარების შეყვანის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მშბიდობისმყოფელებისთვის (რუსებისთვის, ოსებისთვის, მაგრამ არა ქართველებისთვის, რადგან ქართველი მშვიდობისმყოფელები მან წინასწარ გაიყვანა) ცეცხლის გახსნის დანაშაულებრივი ბრძანება გასცა. მაშინ ჩვენ არ გვიფიქრია იმაზე, რომ იქ ნატო არ ყოფილიყო. ჩვენ ვფიქრობდით ამ ადამიანების გადარჩენაზე, რადგან ვიცოდით, რომ მათ უბრალოდ ჩახოცვას უპირებდნენ - ამგვარი განწყობა ჰქონდა ქართულ ჯარს, რომელმაც ეს ბრძანება მიიღო. თორემ ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩვენს საზღვრებთან ნატო–ს მოახლოება რუსეთს საფრთხეს უქმნის.

– მაგრამ ნატო–ელ გენერლებს არაერთხელ უთქვამთ, მათ შორის წელსაც, რომ აუცილებელია საქართველოს მიღება ალიანსში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. რა იქნება, თუ ეს მართლაც მოხდება?

– დიახ, ეს იენს სტოლტენბერგსაც კი აქვს ნათქვამი. ომს ჩვენ არ დავიწყებთ. ამის პირობას გაძლევთ. მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ნატო–ში გაწევრიანებას თავის უპირველეს პრიორიტეტად აქცევენ, სერიოზულად დაიძაბება.

– მაგრამ ისინი ხომ უკვე დაძაბულია, მეტი როგორ უნდა დაიძაბოს?

– არა იმ დონემდე. ნატო–ში არსებობს ბევრი ქვეყანა, რომელიც ამას ფეტიშად არ აქცევს და რუსეთთან ნორმალურ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ავითარებს. მაგრამ როდესაც ნატო შეპყრობილია განუწყვეტელი გაფართოებით, ჩვენ ამაში ვხედავთ რუსეთის მტრულ რგოლში მოქცევის (ალიანსის შიგნით მტრად ვართ გამოცხადებული) და ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხების საფრთხეს. ეს არის მცდელობა, თავს მოგვახვიონ სწორედ იმ წესებზე დაფუძნებული წყობა, რომელსაც დასავლეთი საერთაშორისო სამართლის ნაცვლად ნერგავს.

ნატო–ს უსაფრთხოებას არაფერი მოუტანა ჩერნოგორიის, მაკედონიის მიერთებამ. ალიანსში სერბეთის ჩათრევას ნატო–ს უსაფრთოხოებისთვის არანაირი აზრი არ აქვს. მიზანი მხოლოდ ერთია – შეაკავონ რუსეთი, თანაც შეაკავონ აგრესიულად.

ნატო–ში დიდი ხანია, მიმდინარეობს დისკუსიები, რაში მდგომარეობს ალიანსის არსებობის აზრი სსრკ–ის დაშლის, ავღანეთის შემდეგ. თეორეტიკოსები ბრიუსელში უკვე ახსენებენ თეზისს, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსიდან (ვაშინგტონის შეთანხმების თანახმად, ამოცანად ტერიტორიების დაცვაა განსაზღვრული) იმგვარ ალიანსად უნდა გადაიქცეს, რომელსაც მთელს მსოფლიოში დემოკრატია და უსაფრთხოება მოაქვს. ჰეგემონიზმი, საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნება – ლიბერალებისთვის ყველაფერი შეიძლება, ხოლო არალიბერალები უნდა დაემორჩილონ". 

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ნიუ-ჯერსიში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა