"ერთადერთი რაც მაღელვებს, შეწყალებაზე მორატორიუმი დიდხანს არ გაგრძელდეს"

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, შეწყალებაზე მორატორიუმი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. 

„კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება, შეიწყალოს ადამიანი. მოცემული კონკრეტული კონიუნქტურიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, დროებით არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებებს, ვიდრე ეს პროცესი არ დაიხვეწება. ერთადერთი, რაც მაღელვებს არის ის, რომ ე.წ. მორატორიუმი არ გაგრძელდეს დიდხანს. არიან პატიმრები, რომლებიც 7, 10, 15, 20 წელია იხდიან სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს, შრომობენ ციხეში, გახდნენ მაგალითად სტუდენტი, ან სტუდენტობის ხანა გაუვიდათ ციხეში, შეიძინეს პროფესია და გარეთ ელოდებათ ოჯახი, იციან, როგორ მოუარონ ახალ ცხოვრებას თავისუფლებაზე ისე, რომ კანონი არ დაარღვიონ. ამ ადამიანებს აქვთ უფლება, მათი საქმეც იქნას განხილული და გადაწყვეტილება მიღებული – ან დადებითი, ან უარყოფითი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ "კანონით უნდა აიკრძალოს რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება საერთოდ. უბრალოდ, უნდა დადგინდეს მკაფიო კრიტერიუმები, როდის და რა პირობებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება". 

"განვმარტავ, როდის ნიშნავს იმას, რომ გამორიცხული უნდა იყოს მკვლელის შეწყალება, თუ მას მისჯილი აქვს, მაგალითისთვის, ცხრა წელი ორი წლის თავზე. თუ მკვლელს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა. ჩვენ, ალბათ, არ უნდა დავუშვათ ის, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდეს ერთ 20-25 წლის შემდეგ, მისი ასაკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, მონანიების ხარისხიდან, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხარისხიდან გამომდინარე, არ სარგებლობდეს შეწყალების უფლებით. ამიტომაც ჩვენ კრიტერიუმები უნდა დავხვეწოთ და არა აკრძალვების გზით ვიაროთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კრიტერიუმების ჩამოყალიბებისას შეწყალების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, შემოტანილი იყოს დაზარალებულის კომპონენტიც, რომელიც, იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეს სამწუხაროდ არ არის:

„მაგალითისთვის შემოგთავაზებთ პირობით ვადაზე გათავისუფლების ე.წ. უდოს საბჭოს. როდესაც სახეზეა დაზარალებული, საბჭო ყოველთვის კითხულობს, რას ფიქრობს დაზარალებული მოცემული პატიმრის გარეთ გამოსვლასთან დაკავშირებით. თუ კი იგივე მიდგომა იქნება შეწყალების პროცესშიც, ჩვენ ამას მივესალმებით. აქამდეც რომ ასე ყოფილიყო, ის პრობლემები და საკითხები არ წამოიჭრებოდა, რაზეც ახლა ვმსჯელობთ“. 

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს