ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი შესაძლოა, რუსეთის პოლიციის 24 წლით გასამართლებული მაიორი აღმოჩნდეს

ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შესაძლოა, რუსეთის პოლიციის 24 წლით გასამართლებული მაიორი აღმოჩნდეს, რომელიც ამ დრომდე მოსკოვის ოლქში უნდა იხდიდეს სასჯელს, – წერს The New York Times.

გამოცემის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ გამოძიებამ ცუდ ინგლისურ ენაზე შედგენილი ელექტრონული გზავნილი მიიღო იმის შესახებ, რომ ბერლინში დაკავებული რუსეთის მოქალაქე სანქტ–პეტერბურგის შს საქალაქო განყოფილების ყოფილი უფროსი ოპერმუშაკი მილიციის მაიორი ვლადიმირ სტეპანოვია, რომელიც 2005 წელს კონცერნ „პრომმაშინინსტრუმენტის“ გენდირექტორის ელენა ნეშერეტის მკვლელობისა და საბრძოლო მასალის შეძენა–შენახვა–გასაღების ბრალდებით 24 წლით გაასამართლეს.   

სასამართლოს მონაცემებით, სტეპანოვი თანამშრომლობდა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელმაც ნეშერეტისა და სამხედრო კონცერნ „ალმაზ–ანტეის“ გენდირექტორის მკვლელობის ორგანიზება განახორციელა. ამასთან, ხსენებული კონცერნი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების შექმნით იყო დაკავებული.

გამოცემის ინფორმაციით, სტეპანოვი ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ჟურნალისტებმა „ევროპოლის“ ექსპერტს ბერლინში დაკავებულის ფოტოს სტეპანოვის ფოტოებთან შედარების თხოვნით მიმართეს და მან განაცხადა, რომ 90%–იანი ალბათობით ეს ერთი და იგივე ადამიანია.

გამოცემის ცნობით, გამომძიებლებმა რუსეთის ოფიციალურ პირებს მიღებული ინფორმაციის დადასტურების ან უარყოფის შესახებ განაცხადით მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ამასთან, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ანონიმური შეტყობინება მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით იყოს გაგზავნილი.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ "ინტერფაქსს" გერმანიაში რუსეთის საელჩოს პრეს–ატაშემ ოლეგ კსენოფონტოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილმა რუს დიპლომატებთან შეხვედრა ითხოვა და ამ უკანასკნელებს დაუდასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეობას ფლობს. ამასთან, კსენოფონტოვის განმარტებით, არანაირი ოფიციალური საბუთი, რომელიც ეჭვმიტანილის მოქალაქეობას დაადასტურებდა, რუს დიპლომატებს არ უნახავთ.

ეჭვმიტანილის გვარ–სახელი საელჩოს პრეს–ატაშეს არ დაუკონკრეტებია. გერმანიის ხელისუფლებას მისი ვინაობა ასევე არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის 49 წლის მოქალაქეა.

ცნობისთვის: მკვლელობასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირის შესახებ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა Bellingcat, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა და გამოცემა The Insider-მა. ისინი აღნიშნავენ, რომ ეჭვმიტანილმა რუსეთის საზღვარზე კონტროლის ფანტომური პასპორტით გავლა მოახერხა, რომლის მონაცემები რუსეთის მოქალაქეების არც ერთ ბაზაში არ იძებნება, ხოლო პასპორტში მითითებული მისამართი ბუნებაში არ არსებობს. ამას მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა აქვს და ორივეს სპეცსამსახურებამდე მივყავართ,- აღნიშნავს Bellingcat, - ან პასპორტში მითითებული გვარ-სახელის „ვადიმ სოკოლოვი“ მქონე პირი ცნობილი იყო მესაზღვრეებისთვის, როგორც ოპერმუშაკი და მათ წინასწარი ბრძანება ჰქონდათ მიცემული, იგი საზღვარზე გადაეშვათ, ან რუსეთიდან გასვლისას „სოკოლოვი“ ჯერ კიდევ ირიცხებოდა რუსეთის პასპორტების მონაცემთა ბაზაში, საიდანაც შემდგომ ამოიღეს; მეორე ვერსია, Bellingcat-ის აზრით უფრო რეალურია, ვინაიდან სწორედ ამ სქემით ამოშალეს მონაცემთა რუსული ბაზებიდან ГРУ-ს ყოფილ თანამშრომელ სერგეი სკრიპალზე თავადსხმაში ეჭვმიტანილთა ყველა კვალი.

რუსეთი მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ამასთან პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ დანაშაულთან „ოფიციალური რუსეთის“ ყველა სახის კავშირი ჟურნალისტების გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე გამორიცხა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"