საქართელოსა და რუსეთის პირველი დიპლომატების პირველი ომისშემდგომი შეხვედრა იგეგმება

"აქცენტის" ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან. 


- ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას "ახალი ფორმატები და დიალოგი" ახსენა. გაქვთ ინფორმაცია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი?

- ამ დღეების განმავლობაში ჩვენი დელეგაცია აქტიურად მუშაობდა გაერო-ში იმ მიმართულებით, რომ სამწუხაროდ, ბოლო ხანს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ვითარების ესკალაცია მოხდა. ჩვენ ამაზე ყოველდღიურად ვსაუბრობთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლელ პარტნიორებთან: გაიმართა გაერო-ში მაღალი დონის შეხვედრები. ჩვენმა დელეგაციამ ყველგან დააყენა ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, მოხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ზოგადად ამ ფორმატის ეფექტიანობის ამაღლება, რათა იყოს რეალური შედეგები. ამ ფორმატს ჯერ თავისი შესაძლებლობები არ ამოუწურია. თავისთავად ის, რომ იქ წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები - გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები - ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმეორებ, სწორედ აქეთ არის მიმართული, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, ისეთი, რომელსაც რეალური შედეგები მოჰყვება კონკრეტული ადამიანებისათვის.

- ანუ, ეს გზავნილი იყო საერთაშორისო თანამეგობრობისადმი და არ არის საუბარი რაღაც ისეთზე, როგორიც, მაგალითად,  პრაღის ფორმატია, სადაც საქართველო და რუსეთი ერთი-ერთზე არიან წარმოდგენილები?

- ჩვენ გვაქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც მრავალმხრივი ინსტრუმენტია და გვაქვს ორმხრივი დიალოგის ფორმატი პრაღაში. ორივეს გამოყენება უნდა მოხდეს სრულყოფილად.

- კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, რაღაც ახალ ფორმატზე არ არის საუბარი...

- ახალ ფორმატზე საუბარი არ არის. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არსებული ფორმატების გამოყენებაზე, უპირველეს ყოვლისა, ჟენევის ფორმატის ეფექტურობის ამაღლებაზე.

დღეს შვეიცარიულმა მხარემ შემოგვთავაზა მისივე ჩართულობით გაერო-ს მიმდინარე ასამბლეის ფარგლებში რუსულ მხარესთან კომუნიკაცია, სადაც ყველაზე მწვავე თემის განხილვის საშუალება ექნება ჩვენს დელეგაციას. აქ ახალ ფორმატზე არ არის საუბარი. თუ ასეთი შეხვედრა შედგება, ეს ალბათ, იქნება მინისტრების დონეზე კომუნიკაცია ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების ჩართულობით, უპირველესად, ამ რთული საკითხების განსახილველად.

- თუ სწორად გავიგე, შვეიცარია გვთავაზობს, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მეორე მხარეს - რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი და შეხვედრას დაესწრნენ შვეიცარიელებიც...

- დიახ, შემოთავაზება ასეთია.

- და ჩვენ გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული?

- როგორც ჩანს, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით პოზიტიური იქნება.

ჩვენ ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრების წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით, ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ აუცილებელია, ასეთ შეხვედრაზე უპირველეს ყოვლისა, ის საკითხები იქნას განხილული, რომლებიც ყველაზე მწვავე პრობლემებთან არის დაკავშირებული, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების. ამდენად, თუ ასეთი შეხვედრა შედგება (და როგორც ჩანს, ამისკენ მიდის საქმე), იქ უპირველესად, ამ საკითხების განსახილველად იქნება კომუნიკაცია.

- გაუგებრობა რომ არ მოჰყვეს, დავაზუსტოთ: ეს შეიძლება, აღვიქვათ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად?

- ცალსახად გიპასუხებთ, არა! აქ საუბარია ერთჯერად შეხვედრაზე, ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების ინიციატივითა და ჩართულობით. ეს გაერო-ში მიღებული ფორმაა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ასეთი შეხვედრები იმართება ხოლმე. სხვათა შორის, ორი დღის წინ ბატონი ზელენსკი [უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი] შეხვდა ბატონ ლავროვს; აზერბაიჯანსა და სომხეთს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ მათი საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს და ყველაზე მწვავე საკითხები განიხილეს. ამდენად, თუკი შედგება ასეთი შეხვედრა ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების შუამავლობით, ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ გარკვეულ შედეგებს გამოიღებს.

- იმ ფონზე, რომ რუსეთი ცალსახად აფიქსირებს თავის პოზიციას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ამბობს, რომ აღიარებას უკან არ წაიღებს, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს ჩვენთვის “წითელი ხაზია”, მსგავს შეხვედრას აზრი ექნება?

- ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ყოველთვის იყო ასეთი და დღესაც ასეა (იმედი მაქვს, შემდგომ თავადაც გამოხატავენ საკუთარ პოზიციას), რომ რუსეთთან დიალოგი რთულია, მაგრამ აუცილებელი. დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. ზოგადად, ჩვენმა წინაპრებმა დიპლომატია მხოლოდ იმისთვის არ მოიგონეს, რომ სასიამოვნო საუბრები ვაწარმოოთ - უპირველეს ყოვლისა, რთული თემების განხილვაა საჭირო, თუნდაც რთულ პარტნიორთან. ამდენად, დიალოგი საჭიროა, ეს დიალოგი იქნება რთული, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს. ასეთია ჩვენი  და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, რომელთანაც ჩვენ ყოველთვის გავდივართ [კონტაქტზე] და ვათანხმებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ ნაბიჯებს.

- ხომ არ არის ეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი, ან ხომ არ განიხილება უკვე პირველი პირების შეხვედრაც?

- ამაზე საუბარი არ არის.

- რაც შეეხება სერგეი ლავროვის მიერ რუსულ „კომერსანტთან“ინტერვიუში გამოთქმულ პროპაგანდისტულ გზავნილებს, მომეჩვენა, რომ მას ამჯერად ტონალობა ჰქონდა შერბილებული, თუნდაც ნატო-სთან მიმართებაში - “ომს არ დავიწყებთო”. ამას რას უკავშირებთ?

- მე ამოვიკითხე ერთი გზავნილი: ბატონი ლავროვი მიესალმებოდა (როგორც ჩანს, პიროვნულად) საავიაციო მიმოსვლის აღდგენას. მისი შეწყვეტა ივნისში რუსეთის გადაწყვეტილება იყო. ჩვენ მაშინ შესაბამისი შეფასება მივეცით, ამაზე ბევრი რამ ითქვა, ამიტომ ამ თემას ისევ აღარ დავუბრუნდები. თუ ახლა შეცვლიან ამ გადაწყვეტილებას და გადაიდგმება ნაბიჯები ამ რეისების აღსადგენად, ვფიქრობ, ნაბიჯები სწორი მიმართულებით იქნება გადადგმული. ჩვენ არ ვართ ჰუმანიტარული კონტაქტების, ადამიანებს შორის ურთიერთობების წინააღმდეგნი, პირიქით, იმისთვის შეიქმნა პრაღის ფორმატი, რომ იქ მოგვეგვარებინა უპირველესად, ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ვაჭრობასთან, ტრანსპორტთან, მათ შორის ავიაციასთან, ჰუმანიტარულ კავშირებთან და ა.შ. დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით და დინამიკაც გვქონდა. სამწუხაროდ, საავიაციო მიმოსვლა რუსეთმა შეაჩერა და თუ ამას ახლა გადახედავენ, ამაზე ფიქრს დაიწყებენ, ვიმეორებ, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება.

- და ნატო-ს გაფართოების თემაზე გაკეთებული მისი, ასე ვთქვათ, განსხვავებული განცხადება რას შეიძლება, უკავშირდებოდეს?

-„განსხვავებული“ იყო თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია: ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხალხის არჩევანი.  ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანია და მტკიცედ ვდგავართ ამ გზაზე.

- ლავროვმა თქვა, 2019 წელს სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით იყო მიღებული გადაწყვეტილებაო. ამას არაერთგზის დაგვპირდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქმე ბოლომდე არ მიდიოდა, უბრალოდ შეარბილეს სავიზო რეჟიმი. თქვენ რაიმე მსგავსი ინფორმაცია გქონდათ?

- თქვენს კითხვას თქვენვე შესანიშნავად უპასუხეთ. არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ აპირებდნენ ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენი პოზიცია ასეთია: ეს მათი გადასაწყვეტია, მთლიანად მათი პრეროგატივაა, ჩვენ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოვახდენთ. თუ უნდათ სავიზო რეჟიმის მორიგი შემსუბუქება, ეს მათი გადასაწყვეტია, თუ უნდათ, რომ მოხსნან, ესეც მათი გადასაწყვეტია. ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ: ჯერ კიდევ 2011 წელს მოიხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის.

- დიახ, უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ სწორად ინფორმაცია, რომ არ იქცნენ მორიგი პროპაგანდის მსხვერპლად: თითქოს ჩვენ „ვაფუჭებთ“ რაღაცას, თავად კი მშვიდობისმყოფელები არიან.

- ვნახოთ, ვნახოთ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზე იმსჯელეს