ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების ხელოვნურად შეჩერება გადაწყვიტა

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად”, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი იქნება, 1 ევროსი - 3.2571 ლარი.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ახალგორში დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად საშვების გაცემა განახლდა