შედგა თუ არა ივანიშვილთან ბესელიას მიერ ნახსენები შეხვედრა – ჩუგოშვილის ვერსია

უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილის მისი ყოფილი თანაგუნდელის ეკა ბესელიას მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით ნახსენებ შეხვედრას ადასტურებს და ზოგადად, 26 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება: 

"რამდენიმე წინადადება გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით: 

1. პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული. ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვეპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვეპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესმის, მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს.

2. ცალკე საკითხია მოსამართლეების დანიშვნის თემა. ჯერ კიდევ დეკემბერში და მას მერეც უამრავ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი სადაც ეს თემები იხილებოდა, ამ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ყველა შეხვედრაზე ჩემი პოზიცია იყო უცვლელი. ჩემთვის, ისევე როგორც, ჩემი მრავალი კოლეგისთვის მიუღებელი იყო მოსამართლეების ისე დანიშვნა, როგორც ეს საბჭომ დეკემბერში მოინდომა. უმრავლესობის  არაერთი წევრი იყო დეკემბერში წარმოდგენილი სიის კენჭისყრაზე გატანის წინააღმდეგი (ამას ათეულობით მოწმე ყავს, ყველა მათგანს შეუძლია დაადასტუროს) და ის რომ სია ჩავარდა, ამ ერთიანი პოზიციის დამსახურებაა და არა რომელიმე ერთი ადამიანის. 

3. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია.  ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ.

4. ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი 9 წლის შვილის წინაშე. ის რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას (პირველად ხდება ქვეყანაში მოსამართლეების ასეთი ღია პროცესით შერჩევა და მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია), არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს. კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მივიღებ ღია განხილვისას მათ შესახებ შექმნილი შთაბეჭდილების მიხედვით.

ამ თემაზე და განსაკუთრებით ძველი შეხვედრების გარჩევაზე მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ნათლად ვთქვი და ამით დავასრულე. სანამ პოლიტკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანღვა-გინებითაა დაკავებული ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს და მე საქმის კეთებაში მირჩევნია დროის დახარჯვა".

შეგახსნებთ, რომ: ეკა ბესელიას განცხადებით, მის საუბარს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მოსამართლეების თემაზე უმრავლესობის წევრი, დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა.

"შეხვედრას, სადაც ვთქვი, რომ "ამ სიას თქვენ არ გაგატანინებთ" და როცა ვთქვი, რომ მე გადავდგებოდი კიდეც...თამარ ჩუგოშვილი. არ ვიცი, თამარი ამას დაადასტურებს თუ არა, მაგრამ ის ესწრებდა ამ საუბარს. სხვათა შორის, მასაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა",– განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, მან მიიღო პირობაა, რომ მეორედ წარმოდგენილ სიაში მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე არ მოხვდებოდა. საუბარია უზენაესი მოსამართლეების კანდიდატების 10–კაციან სიაზე, რომლის განხილვაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო. მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იყო. მას შემდეგ რაც სია ხმაურის და პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი გახდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის უკან გათხოვა. თავად ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. 

როგორც ბესელია ამბობს, მას მითითებულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, წარდგენილი 10–კაციანი სიიდან 5 კანდიდატი "მაინც გაეყვანა".

"ვიკითხე, ამ ხუთ კაცში ჩინჩალაძეც არის?", მითხრეს, "კიო" ვუთხარი, რომ არც ერთ შემთხვევში არ გავატანინებდი ამ სიას",– განაცხადა ბესელიამ "მთავარი არხის" სიაში.  

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი თავად ბესელიას სდებს ბრალს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხუთი მოსამართლის გაყვანა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"