ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს გაერო–ში 26 სექტემბერს შეხვდნენ. დავით ზალკალიანის თმით, შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის მეტ დეტალზე საქართველოს პირველმა დიპლომატმა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლავროვთან შეხვედრის ინიციატივა ეკუთვნოდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს. ის ამბობს იმასაც, რომ მისი მხრიდან მარტივი გადასაწყვეტი არ ყოფილა, დათანხმებოდა ამ შემოთავაზებას, თუმცა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ ყველა ძირითად აქტორთან კონსულტაციის შემდეგ ეს აუდიენცია შედგა.

ზალკალიანის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია იყო, რომ ეს შეხვედრა უნდა გამოეყენებინა საქართველოს იმაზე სასაუბროდ, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

„ეს იყო კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირდაპირ მეთქვა სათქმელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. ძალიან მკაფიოდ დავსვი ყველა ის საკითხი, რომელზეც ყველგან ვსაუბრობთ. მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა; რომ მათი მხრიდან პოლიტიკური ნების გამოვლენის გარეშე პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრებს შორის შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. ზალკალიანის განმარტებით, „წინასწარი დათქმები თემებთან დაკავშირებით არ ყოფილა“, თუმცა შვეიცარულმა მხარემ იცოდა, რომ ქართული მხარე დეოკუპაციაზე ისაუბრებდა. 

„დასამალი არაფერი მქონდა, ვიყავი ძალიან გულწრფელი დიალოგში. არც მქონდა მოლოდინი, რომ მათი მხრიდან ამას გარღვევა, თანხმობა და გამოყოლა მოჰყვებოდა, თუმცა ეს არის პროცესი. ეს დიალოგი იყო კარგი შესაძლებლობა. პროცესი გამოაჩენს, რა შედეგს მოიტანს ეს შეხვედრა“, - აღნიშნა მინისტრმა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს დაესწრება