საერთაშორისო ორგანიზაციები ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას მიესალმებიან

საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, ეუთო და ევროკავშირი მიესალმებიან გაერო-ს გენერალური ასამბლეის  74–ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის შუამავლობით გამართულ შეხვედრას საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.

გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი:

„გენერალური მდივანი აფასებს შვეიცარიის როლს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში. ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი:

„საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვეიცარიელი შუამავლების ხელშეწყობით მნიშვნელოვანია: ის აჩვენებს, რომ არის იმედი, რომ კონსტრუქციულ დიალოგს შეუძლია დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის გამტკიცება ეუთოს რეგიონში ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ". 

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრეს–მდივანი მაია კოჩიანჩიჩი:

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის, დღეს დილით გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო რეგიონული საკითხების განსახილველად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის და ამ დაძაბულობის მოქალაქეებზე გავლენის შესამცირებლად. დიალოგი დავის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია, რასაც ევროკავშირის სრულად უჭერს მხარს. მნიშვნელოვანია, ყველა მხარე კონსტრუქციულად იყოს ჩართული საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ვითარების შესამსუბუქებლად. ამ თვალსაზრისით არსებითია, რომ მათი უფლებები, მათ შორის თავისუფლად გადაადგილება, სრულად იქნას დაცული. ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ნიუ–იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა, თუმცა ამ დროისთვის ცოტა რამ არის ცნობილი. როგორც ზალკალიანი ამბობს, მან დეოკუპაციაზე ისაუბრა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა