"სერგეი ლავროვთან შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ ფორმატების ცვლილებად, ეს მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაცია უკვე არსებული ფორმატებით გრძელდება და ფორმატების ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა.

„ეს შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ ფორმატების ცვლილებად, ვთანხმდებით იმაზე, რომ ფორმატები გრძელდება და ეს აღინიშნა. იცით, რომ ჟენევის მოლაპარაკებების კუთხით რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის გარკვეული ცვლილებები წარმომადგენელთან დაკავშირებით და მე მივიღე რწმუნება, რომ ეს ფორმატები (ჟენევა და ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი) იმ ჩარჩოებში და იმ მექანიზმებში, როგორც აქამდე არსებობდა გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის კომენტირებისას.

მისი თქმით, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი და ეს შეხვედრა გვაჩვენებს, იქნება თუ არა კონსტრუქციული მიდგომები.

„ჟენევის უახლოესი შეხვედრა ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება, საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იქნება ისე, როგორც იყო აქამდე. გვაქვს რწმუნება, რომ რუსეთის მხრიდანაც იგივე დონე იქნება შენარჩუნებული. ეს პირველი შეხვედრაც გამოაჩენს, რომ თუკი მათი მხრიდან ჩვენ დავინახეთ იმ თემატიკაზე, რაზეც არის ჟენევა დაფუძნებული, შემხვედრი, კონსტრუქციული ნაბიჯები, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა და შესაძლოა, ჩვენ ვისაუბროთ პროგრესზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მომავალ გეგმებზე ან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.​

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ რეგიონს ტოვებს, რუსეთი ძლიერდება: რას უქადის სირიული კრიზისი საქართველოს