ცხინვალს ზურაბიშვილის არ სჯერა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება გაეროს გენასამბლეის 74–ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ „რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრის დაწყებამდე თბილისმა ჯერ ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი“.

„სამხრეთ ოსეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, უარი თქვას პროვოკაციებისა და სამხედრო მუქარის პოლიტიკაზე. სანამ ქალბატონი ზურაბიშვილი სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებზე დაიწყებდა საუბარს, თბილისს ჯერ ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტი უნდა გაეფორმებინა, 2008 წელს ხომ ომი საქართველომ და არა რუსეთმა და მით უფრო სამხრეთ ოსეთმა დაიწყო, რაც ევროკავშირის ავტორიტეტული კომისიის მოხსენებითაა დადასტურებული“, – განაცხადა ოსურ მედიასთან საუბრისას დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

ზურაბიშვილის სიტყვები მასში ნდობას არ იწვევს:

„საქართველოს უკლებლივ ყველა ხელმძღვანელი საუბრობდა და საუბრობს რაღაც პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რომელთა გადასადგმელად თითქოს მზადაა, მაგრამ რეალურად, საქართველოს ნაბიჯები ყოველთვის უკავშირდება პროვოკაციებს, ვითარების დესტაბილიზაციას და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია“.

ბიბილოვმა ის კონკრეტული ნაბიჯები დაასახელა, რომელიც „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობდა ხელს“:

„უპირველესად, ეს არის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება, აგრესიული პოლიტიკის შედეგად ათწლეულების განმავლობაში რესპუბლიკისთვის მიყენებული ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება. პირველ ნაბიჯად კი უკვე დღეს შეიძლებოდა, ქცეულიყო სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მიდამოებში უკანონოდ განთავსებული ქართული საგუშაგოს გაუქმება და იქიდან საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა. ასეთ შემთხვევაში ქალბატონი ზურაბიშვილის სიტყვები სარწმუნო იქნებოდა. ჯერ–ჯერობით კი, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს სურვილს, ვითარების დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას“.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა