ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, დსთ-სთან გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირის ქვეყნებში 276.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, დსთ-ში კი 576.5 მილიონის.

ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 14.3%-ს და 34.1%-ს შეადგენს.

ამგვარად, მთლიანი ექსპორტის 50.9% დსთ-ს ქვეყნებში გავიდა, ევროკავშირში კი 24.4%.

რაც შეეხება იმპორტს, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში 709.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 26%-ია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირიდან იმპორტი 14.7%-ით შემცირდა.

შემცირებულია იმპორტი დსთ-ს ქვეყნებიდანაც. ჯამში, ის 773.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და 11.8 %-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ამგვარად, დსთ-ს ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 28.4%-ია.

ჯამში, სავაჭრო ბრუნვა წლის პირველ ოთხ თვეში ევროკავშირთან 985.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 8.2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა 1 350 მილიონს გაუტოლდა და წლიურად 3.3%-ით მოიმატა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp