ფინანსთა მინისტრი: "წლის ბოლომდე ლარი გამყარებას დაიწყებს"

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, წლის ბოლომდე ლარი გამყარებას დაიწყებს. 

როგორც მაჭავარიანი აცხადებს, "ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას, ეს მცდარი მოსაზრებაა". 

„ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა არაერთხელ ვთქვით, იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, არის კოორდინაცია, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. მე მჯერა, ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი მონაცემების თანახმად, 27 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარა, 1 ევროსი - 3.2571 ლარი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს–ის ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ ვითარებაზე ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრა