ზურაბიშვილი - ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: "არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა"

არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. 

„გაეროში სიტყვით გამოსვლის ტექსტშიც ნათლად ვთქვი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა – ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში. ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, რაც მოვისმინეთ – ეს იქნება ამერიკიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან თუ ევროკავშირიდან, ასევე მოგერინის უწყებიდან ან გენერალური მდივნიდან – ყველა გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ ამ შეხვედრის შესახებ, იყო დადებითი, რომ თქვენ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართ. ჩვენ მარტო, ერთი ერთზე არ ვართ და არასოდეს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. მაგრამ, ჩვენ რომ გავჩერდეთ და იზოლაციაში, გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ არ არის სწორი“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: ნიუ–იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. როგორც ქართული, ისე შვეიცარიული მხარის განცხადებით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. თუმცა საპირისპიროს ირწმუნება, რუსული მედიის ცნობით, ლავროვი, რომელიც აცხადებს, რომ შეხვედრა ქართული მხარის თხოვნით შედგა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა. 

იხილეთ ასევე: რას მოასწავებს რუსეთთან ურთიერთობების მოულოდნელი «დათბობა»?

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"