სიმსივნის ახალი წამლის გამოყენება ევროპაში დასაშვებად ცნეს

სიმსივნის ახალი წამლის გამოყენება პირველად, ევროპაში დასაშვებად ცნეს. პრეპარატის სახელწოდება „ლაროტრექტინიბია“. ბრიტანელი ექიმები, რომლებმაც წამალი უკვე რამდენიმე პაციენტზე გამოსცადეს, აცხადებენ, რომ პრეპარატი სხვადასხვა სახის სიმსივნის სამკურნალოდ არის განკუთვნილი და ამავდროულად აქვს უნარი, მკურნალობის პერიოდში მნიშვნელოვნად შეამციროს გვერდითი მოვლენები. 

ორი წლის შარლოტა სტივენსონი ბელფასტიდან ერთ–ერთი პირველი პაციენტია, რომელმაც ამ წამლით ისარგებლა. მისი დიაგნოზი ინფანტილური ფიბროსარკომა – სხეულის შემაერთებელი ქსოვილის სიმსივნე იყო. გოგონას „ლაროტრექტინიბით“ ლონდონში მდებარე Royal Marsden–ის ჰოსპიტალში გასული წლის განმავლობაში მკურნალობდნენ.


„ჩვენ არ გვქონდა ბევრი არჩევანი. გადავწყვიტეთ, რომ ეს გვეცადა და მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. პრეპარატმა წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა სიმსივნეზე“, – აცხადებს შარლოტას დედა ესტერი.

”ეს ნამდვილად „რევოლუციური“ წამალია, რადგან ის მოქმედებს სხვადასხვა სახის სიმსივნეზე და არა რომელიმე ერთ კონკრეტულზე“, – განაცხადა Royal Marsden–ის ჰოსპიტალის ექიმმა ჯულია ჩიშოლმმა.

ევროპელი რეგულატორების თქმით, წამლის გამოყენების დაშვება არ ნიშნავს იმას, რომ იგი მყისიერად გახდება ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის დიდ ბრიტანეთში. მიმდინარე წლის დასაწყისში ინგლისის ჯანმრთელობის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, „ლაროტრექტინიბი“ ნამდვილად "რევოლუციური" და "საინტერესო ახალი მიღწევაა“ სიმსივნის სამკურნალოდ, და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები, რომ პრეპარატი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა