ხორბლის ავტომობილით იმპორტი აღარ იკრძალება

2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შესული ახალი საბაჟო კოდექსის მიხედვით, ავტომობილებით საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტი აღარ იკრძალება. როგორც BM.GE-ს „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა, ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასოციაცია მიესალმება, იმიტომ, რომ ქვეყანაში ავტომობილებით ხორბლის იმპორტ-ექსპორტის აკრძალვის გადავადება საკმარისი არ იყო და მისი გაუქმება უნდა მომხდარიყო, რადგან ის ბაზარზე კონკურენტული გარემოსთვის ზიანის მომტანი იქნებოდა. სილაგავას განმარტებითვე, მსგავსი რეზონანსულ თემაზე ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ბიზნესისთვის უნდა მიეწოდებინა.

„მივესალმებით იმიტომ, რომ ჩვენ ხორბალს, როგორც სამანქანო ასევე სარკინიგზო გზით და გემის მეშვეობით ვიღებთ.

29 აგვისტოს N290 ბრძანებულება გაუქმდა, რომელშიც თავის დროზე ცვლილება შევიდა და შესაბამისად, ერთი თვე გავიდა და ამბავს ახლა ვიგებთ. რადგან ეს სერიოზული რეზონანსული თემა იყო შესაბამისად, სწორი იქნებოდა, რომ ფინანსთა სამინისტროს ამბავი გაევრცელებინა. ეს ამბავი ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამშრომლისგან შემთხვევით გავიგე.

რეალურად 1 სექტემბრიდან ახალი საბაჟო კოდექსი შევიდა ძალაში და იქ მთლიანობაში ქვეყანაში ტვირთების მოძრაობა და მისი პროცედურები გაიწერა,“-  განაცხადა სილაგავამ.  

ცნობისთვის: ფინანსთა მინისტრის ძველი ბრძანებით, რომელსაც ხელს ივანე მაჭავარიანი აწერდა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანა და გატანა ნებადართული ხდებოდა მხოლოდ სარკინიგზო გზითა და პორტების მეშვეობით. ცალკეულ შემთხვევებში კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით ხორბლის შემოტანა და გატანა შესაძლოა, სხვა ტიპის ტრანსპორტითაც განხორციელებულიყო. ბრძანება ძალაში გასულ წელს უნდა შესულიყო, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას სატვირთო ავტომობილის მძღოლების პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა და 1 წლით, 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის გენშტაბი: "მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს"