ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივიან

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტები არხის ახალ მენეჯმენტს სასამართლოში უჩივიან.

ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურიდიული მხარდაჭერით - საკუთარ შრომით უფლებებზე იდავებენ და შეეცდებიან, დაამტკიცონ, რომ მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო.

„ეს არის ბრძოლა ჩვენი და ყველა ჟურნალისტის უფლებებისთვის, რომ ხვალ არც ერთ ტელევიზიის ხელმძღვანელს არ გაუჩნდეს ცდუნება, რომ ერთ დღეს ნიუსრუმი დაცალოს იმის გამო, რომ არხზე არ იყოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ ჟურნალისტები არ უნდა იდევნებოდნენ მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შეხედულებებისათვის.

სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან სხვა ჟურნალისტებიც. ნოდარ მელაძის თქმით, „რუსთავი 2“-დან საკუთარი სურვილით წამოსული ჟურნალისტების შრომითი უფლებები დაირღვა, რადგან მათ კუთვნილი ანაზღაურება დაუბლოკეს.

„სასამართლოს მოუწევს იმის თქმა, რომ პაატა სალია მატყუარაა და მე ვიქნები ძალიან ამაყი და ბედნიერი, რომ ამ განაჩენს სასამართლოდან მოვისმენ. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ჩემი მოტივაცია“, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„რუსთავი 2“-თან მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა. ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის გადაფორმებიდან ერთ თვეში, „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის სახეები - ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია გაათავისუფლა. სალიამ განმარტა, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს და მის მესაკუთრეს, იყოს მასთან დასაქმებული. 

„რუსთავი 2“ საკუთარი სურვილით დატოვეს „კურიერის“ წამყვანებმა და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმაც. „რუსთავი 2“-ის გუნდის ნაწილმა ახალი არხი „მთავარი“ დააფუძნა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს