აჭარის მაუწყებელს სოლიდარობას უცხადებენ - აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე დღეს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება, – იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი.

ღონისძიება სოციალურ ქსელში დაანონსდა. 

აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი და მისი ორგანიზატორი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს განცხადება გააკეთა. ისინი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

''მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში'', - წერია განცხადებაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე შეჩერდა. სარჩელი გიორგი კოხრეიძემ შეიტანა. 

აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მაუწყებლის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და რისკის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

"2019 წლის 30 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა განაცხადა, რომ ტელევიზია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და რისკის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ საფრთხეზე ჯერ კიდევ აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დასმისას ვსაუბრობდით.

აჭარის ტელევიზია და რადიო რამდენიმე წელია არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა როგორც მიუკერძოებელი  მედიასაშუალება მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოში. მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას. მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტთა მოთხოვნას სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გარშემო მიმდინარე პროცესებს", ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია";  "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC)"; "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - AB"; "ღია საზოგადოების ფონდი";  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"; "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)"; "მწვანე ალტერნატივა საქართველო"; "მედიის განვითარების ფონდი"; "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"