თურნავა - ანაკლიაზე: "სხვა განწყობები არ არსებობს"

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პროექტის განხორციელებით დაინტერესებულია. 

"ჩვენ ვართ სისხლხორცეულად დაინტერესებულები, რომ ანაკლიის პროექტი დაიწყოს. სხვა განწყობები არ არსებობს",- განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ არიან მმართველ გუნდში ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ღრმაწყლოვანი პორტის იდეას და არასწორი ინფორმაცია მიაქვთ ბიძინა ივანიშვილთან, რადგან ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა განაცხადა, რომ არასწორად მოხდა ბიძინა ივანიშვილამდე ინფორმაციის მიტანა მისი დაინტერესების შესახებ ფოთისა და ანაკლიის პორტებთან დაკავშირებით და ამან მისი კარიერა შეიწირა.

თურნავას განცხადებით, ის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას არ შეაფასებს, თუმცა აცხადებს, რომ პორტის ასაშენებლად ყველაფერი კეთდება.

„მე არ შევაფასებ ბატონი გიორგის განცხადებას, რადგან არ ვფლობ ინფორმაციას, რატომ იმსჯელა ასე თუ ისე. მე ჩემი მხრიდან შემიძლია დავადასტურო, რომ ანაკლიის პორტი იყო და არის ჩვენი პრიორიტეტი. ამისთვის ბევრი რამე კეთდება. ჩამოვთვლი რა უპრეცედენტო მხარდაჭერით სარგებლობს ეს პროექტი სახელმწიფოს მხრიდან დაწყებული მიწების გამოსყიდვით, დამთავრებული ძალიან მასიური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც მისაყვანია ანაკლიის პორტამდე. გარდა ამისა, რაც სახელმწიფომ იკისრა „საპარტნიორო ფონდის“ მეშვეობით, რომ დაფინანსებაშიც მიიღებს მონაწილეობას 100 მილიონი დოლარის მეშვეობით. ასეთი პაკეტი მხარდაჭერის არც ერთ სხვა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია, თან ისეთ პროექტს, სადაც კერძო ბიზნესი მონაწილეობს. ახლა ჯერი კერძო ბიზნესზეა. ვფიქრობთ, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეს პროექტი შეიკრას და დაიწყოს. ამ პროექტის დაგვიანებამ საკმაოდ სერიოზულად დაგვაზარალა. როდესაც კითხვა ისმის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა შემოსულიყო და არ შემოსულა, 2017 წლიდან მოყოლებული ეს პროექტი გვიანდება. ჩვენ ველოდებით სულ მცირე 600 მილიონი დოლარის დახარჯვას ამ პროექტში. ჩვენ ვართ სისხლხორცეულად დაინტერესებულები, რომ ეს პროექტი დაიწყოს. სხვა განწყობები არ არსებობს“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ფოთის ღრმაწყლოვანი ტერმინალის პროექტს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ანაკლიის პორტისგან განახვავებული პროექტია, რომელიც ძირითადად გათვლილია ნაყარ ტვირთებზე და არა კონტეინერებზე.

„ეს თავისი ბუნებით არ არის პორტი, ეს არის ტერმინალების სისტემა და თანდართულია აუცილებელი საზღვაო ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მათ შორის, 50 მილიონს დებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი „ოპიკი“. ეს არის დამატებით 500 სამუშაო ადგილი. დასაქმდებიან ჩვენი თანამემამულეები, ფოთელები პირველ რიგში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც მხარს ვუჭერთ ამ პროექტს. რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ პარამეტრებს, ეს არის ტერმინალები, რომელიც ძირითადად გათვლილია ნაყარ ტვირთებზე და არა კონტეინერებზე. კონტეინერების შესაძლებლობა იქ ლიმიტირებული და 20-ჯერ ნაკლებია, რაც არის გაცხადებული პირველ ეტაპზე ანაკლიაში. ეს თანხობრივადაც და პროფილითაც არის განსხვავებული პროექტი.

მთლიანობაში ძალიან მაღალია ზრდა რეგიონში და ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავახვედროთ მას ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ანაკლიის დაგვიანება არის დიდი სირთულე და გამოწვევა“, - განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"