მოსკოვი: "თბილისიდან კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები "ოკუპაციის" შესახებ"

ოფიციალური მოსკოვი რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების - სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის 26 სექტემბრის შეხვედრასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "თბილისიდან კვლავ ესმის გაცვეთილი თეზისები "ოკუპაციის" შესახებ". 

„ყურადღება მივაქციეთ ნიუ–იორკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისში ატეხილ ხმაურს. სამწუხაროდ, კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციის“ შესახებ. როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი კოლეგები შეშფოთებულები არიან არა იმდენად მოლაპარაკებების შინაარსითა და მიმართულებით, რამდენადაც პროტოკოლისა და ფორმატის საკითხებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "პირდაპირი და გულწრფელი საუბარი საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობის ინტერესებში შედის".

„ჩვენის მხრიდან დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთისა და საქართველოს ხალხების ინტერესები პირდაპირ და გულწრფელ საუბარს საჭიროებს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში გამართული ეს პირველი შეხვედრა ორიენტირებული იყო გამოსავლის ძიებაზე იმ რთული ვითარებიდან, რომელშიც აღმოჩნდა რუსულ-ქართული ურთიერთობები, მათ შორის - მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის ცნობილი მოვლენების შედეგად“- ნათქვამია რუსული უწყების განცხადებაში. 

სამინისტრო ასევე მადლობას უხდის შვეიცარიას, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში და რომლის ხელშეწყობითაც გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

ცნობისთვის: ნიუ–იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. როგორც ქართული, ისე შვეიცარიული მხარის განცხადებით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. თუმცა საპირისპიროს ირწმუნება, რუსული მედიის ცნობით, ლავროვი, რომელიც აცხადებს, რომ შეხვედრა ქართული მხარის თხოვნით შედგა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა. 

იხილეთ ასევე: რას მოასწავებს რუსეთთან ურთიერთობების მოულოდნელი «დათბობა»?

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა