აფხაზური საგადამხდელო ბარათი რუსეთის გარდა, სომხეთსა და თურქეთშიც იმოქმედებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ საგადამხდელო სისტემა „АПРА“ და რუსულ სისტემა „МИР“-ს შორის ურთიერთქმედების ფარგლებში დასრულდა სამწლიანი საინტეგრაციო პროცესი, რომელიც ეროვნული საბანკო ბარათების სისტემათაშორის მომსახურებაზე იყო მიმართული. ამიერიდან ნებისმიერ წერტილში, სადაც „МИР“-ი მოქმედებს, ავტომატურად იმოქმედებს აფხაზური „АПРА“-ც. 

როგორც აფხაზური ე.წ ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ბესლან ბარათელია აცხადებს, რუსული და აფხაზური საგადამხდელო სისტემების ურთიერთქმედების შესახებ შეთანხმება გასული წლის 11 ივლისს გაფორმდა და მაშინვე დაიწყო ინტეგრაციის პირველი ეტაპი, რომლის შედეგად მიმდინარე წლის ივლისიდან „АПРА“-ს ინფრასტრუქტურა „МИР“-ის ბარათების მფლობელთათვის და აფხაზეთში ჩამავალი რუსეთის მოქალაქეებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. 

მისივე მტკიცებით, ამ მომენტიდან სულ რაღაც 3 თვეში 300 მლნ რუბლის ღირებულების ოპერაციები განხორციელდა და მათი მოცულობა ყოველთვიურად იზრდება.

როგორც ბარათელია აღნიშნავს, სისტემათაშორისი ურთიერთქმედების მეორე ეტაპი „МИР“-ის ბარათების მიღების ინფრასტრუქტურაში „АПРА“- ბარათების მომსახურების ორგანიზება გახდა და აქ მოცულია ყველა ის ქვეყანა, სადაც რუსული „МИР“-ის მომსახურება წარმოებს, უპირველესად – რუსეთი, სომხეთი და თურქეთი.


მისივე თქმით, ოქტომბრიდან აფხაზური ბანკები ახალი ბარათების  – „APRA World“-ის გამოშვებას დაიწყებენ, რომელიც ოკუპირებული რეგიონის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს, ხოლო დღემდე მოქმედი “АПРА“ - მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე . 


„АПРА“-ს ბარათების სრული შეცვლა რამდენიმე თვეში განხორციელდება. პერსპექტივაში მისი მომსახურება უნდა წარმოებდეს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რუსული „МИР“- გამოიყენება და მისი ფუნქციონალი სამომავლოდ გაფართოვდება. შემდეგ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ საქონლისა და მომსახურების ღირებულების ინტერნეტით გადახდის შესაძლებლობაზე. რაც შეეხება „APRA World“-ს,  მისი შესაძლებლობები, გეოგრაფია გაფართოვდა და ამ ბარათის გამოყენება გაცილებით კომფორტული გახდება“, – დასძინა ბარათელიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს