გახარია - ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე: "სადაც შესაძლებელია დაძაბულობის მოხსნა, ეს უნდა გავაკეთოთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, "ჩვენი სათქმელი იქნება ყოველთვის ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ". ამის შესახებ მან საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

"პირველი, ეს შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან. მეორე, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი პრობლემები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მოაგვაროს... ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს ერთი რამ: როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ჩვენი სათქმელი იქნება ყოველთვის ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენ მაგივრად, ვერავინ გააკეთებს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენას მხარს უჭერს.

"როდესაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ფრენების აღდგენა მიეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე ასობით-ათასობით ქართველს, რომელსაც მობილობაში პრობლემები ექმნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით", - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით შესაძლო რისკების არსებობას, გიორგი გახარიას თქმით, "რისკები უნდა ვმართოთ ისევე, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში".

"ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და ჩვენი რისკების მართვის მენეჯმენტი უნდა იყოს უფრო ხარისხიანი. ჯერ ერთი უნდა ვეცადოთ, რომ ეს რისკები ვმართოთ, უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხდეს მსგავსი ექსცესები, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდება, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვმართოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზურაბ ხანგოშვილი: „მომივიდა ინფორმაცია, შემდეგი სამიზნე შენ ხარო“