„ქართული ოცნება" - 1 ოქტომბერზე: „განვლილი 7 წელი გაჯერებული იყო დიდი საქმეებით"

„7 წელი გავიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული მოვლენიდან. ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის კოალიციამ არჩევნების გზით გაიმარჯვა ძალადობრივ რეჟიმზე. ქვეყანას წლები დაჭირდა, რომ წარსულისთვის ჩაებარებინა ძალადობაზე, შიშზე და წამებაზე დაფუძნებული მძიმე მემკვიდრეობა“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია განვლილ წლებს აფასებს.

ამავე განცხადებაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შესახებაც არის საუბარი.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს 1 ოქტომბრის გამარჯვების ფასი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სახით და რა სისასტიკეზე გავიმარჯვეთ ყველამ ერთად.

უკვე შვიდი წელია ქართველი ხალხი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყოველ არჩევნებზე ადასტურებს 1 ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას და მთელს მსოფლიოს უდასტურებს, რომ ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს დაბრუნდება, ქართული საზოგადოება რევანშს არ დაუშვებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა, პროგრესი და სწრაფვა კეთილდღეობისკენ.

„ქართული ოცნების" განცხადებაში ჩამოთვლილია, პარტიის შეფასებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები:

„კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - განვლილი შვიდი წელი გაჯერებული იყო დიდი საქმეებით, გამარჯვებებით და მიღწევებით.

ეს ის შედეგებია, რომელიც მიღწეულ იქნა დესტრუქციული ძალების ქმედებების და მათი მედიაპროპაგანდის ფონზე. იმ ფონზე, როდესაც რევანშისტული ძალები ამ მიღწევებს უპირისპირებდნენ სიცრუის ტირაჟირებას, რეალობის მოდელირებას და შვიდი წლის მანძილზე ცდილობდნენ სიკეთის ბოროტებად, თეთრის შავად წარმოჩენას.

დღეს მიღწეულია დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და ამის კიდევ ერთი დასტურია მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ისახავს მიზნად. არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებულ ტრადიციად იქცა ქართული დემოკრატიისთვის. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოავლენს უზენაეს ნებას - ვის ანდობს ქვეყნის მართვას".

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა