საჰაერო ტერორიზმის რუსული ქრონიკები – პარალელები 1993 წლის ბაბუშერას ტრაგედიასა და უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებას შორის

მაშინ, როცა რუსეთი და მის მიერ კაპიკ-რუბლებით დაფინანსებული აფხაზი სეპარატისტები ქართველების მიერ ჩადენილ მცირე ეთნოსების გენოციდზე ალაპარაკდნენ, გავიხსენოთ, მივუთითოთ და ვიყვიროთ იმის შესახებ, თუ რა არის ნამდვილი გენოციდი.

26 წლის წინ, 1992-93 წლებში საქართველოს 250 ათასზე მეტი მოქალაქე დევნილი გახდა, ათასობით ქართველი კი სიცოცხლეს გამოესალმა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის შესახებ შეთანხმება უძღოდა. 13 თვიანი ომის დასასრულს, 16 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს. სეპარატისტების თარეშს ქართველების არნახული ხოცვა და ეთნიკური წმენდა მოჰყვა. რეგიონში ქართული ეთნოსის და ჯარის ასეთი მასშტაბით განადგურება აფხაზ სეპარატისტებს მხოლოდ ერთმა გარემოებამ შეაძლებინა - მათ რუსული სამხედრო და პოლიტიკური მანქანა მოურიდებლად ეხმარებოდა. 27 სექტემბერს კი სოხუმი დაეცა…

დღეს, კრემლი იმავეს  სხვა ქვეყნებშიც აკეთებს-ყველა მეთოდით ეხმარება სასურველ რეჟიმებს, დიქტატორებს, სეპარატისტებს;  შუაზე ხლეჩს დემოკრატიულ სახელმწიფოებს, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაშიც მოხდა.  აწყობს პუტჩებს, ზოგჯერ წარუმატებლადაც, მაგრამ ფაქტია- თავისას არ იშლის. ანალიტიკოსები ყოველდღიურად აკვირდებიან იმ ბოროტმოქმედებას, რაც რუსეთის ხელწერად იქცა, ჩვენ კი ეს საკუთარ თავზე, წლების წინ გამოვცადეთ. საკუთარ თავზე ვიწვნიეთ საჰაერო ტერორიზმიც, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა სწორედ რუსული სამხედრო ძალების პირდაპირი ჩართულობით დაგვატეხეს თავს. 1993 წელს, 22 სექტემბერს, თვითმფრინავს რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა, აფხა­ზუ­რი კა­ტარ­ღი­დან სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. თვითმფრი­ნავ­ში 120 მგზავ­რი და ეკი­პაჟის 12 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ისინი ცოცხლად დაიწვნენ. მათგან  მხოლოდ 16 ადამიანი გადარჩა.

აფხაზი სეპარატისტების საჰაერო ტერორიზმის პირველი მსხვერპლი კი და როგორც ჩანს გაუთვალისწინებლად, 21 სექტემბერს აღმოჩნდა ის თვითმფრინავი, რომელიც სოჭიდან სოხუმისკენ მიფრინავდა. შავი ზღვის ნაპირთან,  კატარღიდან, მას დამიზნებით ესროლეს და თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. დაიღუპა 28 ადამიანი, მათ შორის იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და რუსი ჟურნალისტიც. ბორტზე იყო ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლიც, რომელსაც „Wall Street Journal”-ისთვის რეპორტაჟი უნდა მოემზადებინა. რუსული პრესა მხოლოდ გაკვრით, დეტალებში ჩახედვის გარეშე და შენიღბვით თუ იხსენებს ამ ფაქტს. აბა რაში აწყობთ იმის დაზუსტება, რომ მათ მიერ მხარდაჭერილებმა, რუსეთისვე მოქალაქეები იმსხვერპლეს.

როგორც თვითმხილველების ნაწილი აცხადებს, სწორედ ამ აფხაზური კატარღიდან, 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში დასაჯდომად დაშვებულ სამოქალაქო ავიალაინერ Ту-154Б-ს საზენიტო რაკეტა ესროლეს. ამჯერად „სწორად“ და ამ გასროლამ ბორტი შუაზე გააპო-თვითმფრინავი დაიწვა და როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დატრიალდა ნამდვილი ტრაგედია-ადამიანები ცოცხლად იწვოდნენ.

23 სექტემბერს კი დაუნდობლად ესროლეს თვითმფრინავს, რომელშიც ქართველი დევნილები  სხდებოდნენ. საბედნიეროდ, ეკიპაჟმა მათი ევაკუაცია და გადარჩენა შეძლო. თუმცა, მომხდარის დროს,  ეკიპაჟის 1 წევრი დაიღუპა. იყო სხვა შემთხვევებიც. სეპარატისტები და რუსი სამხედროები ქართულ თვითმფრინავებზე ჯერ კიდევ 1993 წლის აგვისტოში ნადირობდნენ, თუმცა ამდენად მასშტაბური დანაკარგი მაშინ არ გამოუწვევიათ. ყველა ცნობით და დადასტურებულად დგინდება, რომ აფხაზების შეიარაღება და სწავლება რუსების მიერ იყო ორგანიზებული. ამ კუთხით ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ 1993 წლის 19 მარტს, სოხუმის ჩრდილოეთით რვა კილომეტრში რუსული მოიერიშე სუ-27 ჩამოვარდა, რუსი პილოტი ვაცლავ შიპკო კი დაიღუპა. მაშინ, კრემლს მოუწია იმის აღიარება, რომ გარკვეულ პროცესებში მონაწილეობს, თუმცა მხოლოდ „ნაწილობრივ“. ასევე ცნობილია, რომ გუდაუთასთან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკის ბაზა იყო.  შესაბამისად, რუსეთს, რომელიც სეპარატისტებს ეხმარებოდა, თავისი ქვეყნიდან ბომბდამშენების და მფრინავების გადმოსროლა არც კი სჭირდებოდა, უკვე იქ იყვნენ. ხშირად იბომბებოდა ციდან ის აფხაზური ქალაქებიც, რომლებსაც 13 თვიანი ომის დროს ქართული მხარე აკონტროლებდა. ამას გარდა, ცხადია, რომ უშუალოდ მცირერიცხოვან სეპარატისტულ ე.წ ჯარს არც მსგავსი სიმძლავრის  იარაღი, საჰაერო ძალები თუ გაწვრთნილი პერსონალი არ ჰყავდა და ვერც ეყოლებოდა. ასევე, მრავალ მტკიცებულებათა შორის არის რუსულ პრესაში იმ რუსი პილოტების ინტერვიუები და მემუარები, რომლებიც დღეს დეტალებში და დიდი სიამაყით ყვებიან თუ როგორ ეხმარებოდნენ აფხაზებს, ხოლო შემდეგ მათთან სამუშაოდ, ინსტრუქტორებად  დარჩნენ.

ძალიან ნიშანდობლივია ის ინფორმაციაც, რომელსაც ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი, სამხედრო ექსპერტი და ბაბუშერას ტრაგედიის უშუალო თვითმხილველი ირაკლი ალადაშვილი აქვეყნებს. იგი აღნიშნავს, რომ იმავე დღეებში, სოხუმთან ჩამოგვიგდეს ქართული მოიერიშე თვითმფრინავი, რომელსაც საზენიტო რაკეტა წინ აუფეთქდა და ეს შეჯავშნული თვითმფრინავი ჰაერშივე დაშალა, რაც რაკეტის საბრძოლო ქობინის დიდ სიმძლავრეზე მიუთითებდა. ჰაერში დაშლილი ქართული მოიერიშის პილოტის კაბინის გახვრეტილი შეჯავშნული 55 მმ სისქის შუბლა მინის დათვალიერებისას, მას მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ რუსმა სამხედროებმა ჩვენს წინააღმდეგ “ბუკის” საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გამოშვებული საზენიტო რაკეტა გამოიყენეს, თუმცა მაშინ ამის შესამოწმებლად არც დრო იყო და არც საშუალება. აგრეთვე, „კვირის პალიტრის“ ბლოგში ალადაშვილი წერს, რომ რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თურმე „2001 წლის 26 ოქტომბერს აფხაზებმა რუს სამხედროებს წაართვეს და ახალ ათონთან ერთ-ერთ სარკინიგზო გვირაბში გადამალეს სარკინიგზო პლატფორმები, რომლებზეც ორი საზენიტო “ბუკი” იდგა (რუსი სამხედროები გუდაუთიდან ადლერში მათ დაბრუნებას აპირებდნენ), რითაც რუსეთის ახალი პრეზიდენტის, პუტინის დიდი გულისწყრომა გამოუწვევიათ. კრემლმა, რა თქმა უნდა, დაიბრუნა თავისი “ბუკები”, მაგრამ საქვეყნოდ გაცხადდა, რომ რუსეთს სეპარატისტულ აფხაზეთში თურმე მალულად ჰქონია ასეთი მძლავრი საზენიტო საშუალება, რომლითაც ყრიდა ქართულ თვითმფრინავებს, მათ შორის – სამგზავროებსაც.“

ძნელია არ დაეთანხმო ალადაშვილს იმაში, რომ ამ შემთხვევაში ძალიან საყურადღებო ის პარალელი, რომელიც წლების წინ, რუსეთის მიერ აფხაზი სეპარატისტების მხარდაჭერასა და უკვე დღეს-უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერას შორის ლოგიკურად ჩნდება. კრემლი აკეთებს დღეს იგივეს, რასაც 90-იან წლებში საქართველოში აკეთებდა. ამის დასტურად კი შეგვიძლია მოვიყვანოთ უკრაინაში, 2014 წლის 17 ივლისს, მომხდარი საჰაერო ტერორიზმის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის უმძიმესი ფაქტი-ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან „ბუკით“ ჩამოაგდეს. ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი 10 000 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც „ბუკ“-მა ააფეთქა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებით  დაკომპლექტებულმა საგამოძიებო გუნდმა დაადგინა, რომ რაკეტა, რომელმაც ეს თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსული წარმოშობისაა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადიდან გაისროლეს. გამოვლენილია 4 პირი, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს აფეთქებასა და მტკიცებულებების გადამალვაში, მათი სასამართლო 2020 წლის მარტში უნდა გაიმართოს. რა თქმა უნდა, კრემლი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირს ამ დრომდე უტიფრად უარყოფს. ამოქმედებულია მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგროვებული სამხილები არის უამრავი და საკმარისზე საკმარისი…

…და უნდა გაუკვირდეს კი მსოფლიოს ის, რომ 21 წლის შემდეგ ისტორია განმეორდა?

ელენე ფარცვანია

გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და, შესაძლოა, არ ასახავდეს "აქცენტის" რედაქციის პოზიციას

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის გენშტაბი: "მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს"