ნარმანიას არჩევა გადაიდო - კანონი და კონსტიტუცა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. კერძოდ, „საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წარდგინებით, პარლამენტს სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე სემეკ-ის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას წარუდგენს. კონსტიტუციაში კი ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტისთვის მხოლოდ სემეკ-ის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის თქმით, შესაძლოა, კანონის არაკონსტიტუციურობასთან გვქონდეს საქმე. 

„როგორც ჩანს, პრეზიდენტმა იმოქმედა კანონის თანახმად. კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს ეს უფლებამოსილება, თუმცა, კონსტიტუციური ჩანაწერები განსხვავებული შინაარსის არის. პრეზიდენტს აქვს მხოლოდ კონსტიტუციით გაწერილი პრეროგატივა და უფლებამოსილებები. ვინაიდან კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არ არის, შესაძლოა, კანონის არაკონსტიტუციურობასთან გვქონდეს საქმე. ამიტომ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდეს ეს პროცესი და ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას კონსტიტუციური კანონმდებლობა მოითხოვს,“- აცხადებს გიორგი კახიანი.

ხარვეზის გასწორების მოლოდინშია დავით ნარმანია.  

"თუ თვლიან, რომ გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი და ვაკუუმია, ბუნებრივია, ის უნდა გასწორდეს. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს მარეგულირებელს, ამიტომ ეს უნდა გასწორდეს, რომ შემდგომშიც მსგავსი რამ იყოს უფრო მკაფიო ჩანაწერის სახით. პარლამენტი ირჩევს წევრებს. თავმჯდომარეს, რომელსაც უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, ასევე უნდა ირჩევდეს პარლამენტი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადადო. კენჭისყრის გადადების მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე ნარმანიას ნომინირების პროცედურა გახდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
9-15 დეკემბრის ამინდის პროგნოზი