ღარიბაშვილი: „ვემსახურები საქართველოს“ იდეის ქვეშ ყველა რაიონში ფრონტ ოფისების გახსნა იგეგმება"

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„არსებობს ინიციატივა, რომ გავაკეთოთ თავდაცვის სამინისტროს ფრონტ ოფისები ყველა რაიონში, „ვემსახურები საქართველოს“ იდეის ქვეშ. ჩვენ ვფიქრობთ გაწვევის სამსახურის, რეკრუტის, ასევე სამობილიზაციო სამსახურის ერთ სივრცეში მოქცევას. ასევე, ჩვენ ჩავრთავთ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას -  ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი,  თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაფერისი ცენტრი, რომელიც ამავდროულად, გაზრდის ჩვენი ჯარის პოპულარიზაციას და აამაღლებს ცნობადობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მე მინდა განსაკუთრებული ჩართულობა იყოს ბავშვების, ბაღის და სკოლის მოსწავლეების, რათა მათ ნახონ რეალურად რა ხდება ჯარში. მინდა, რომ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს სამინისტროში სრული გამჭვირვალობა იყოს. მე სრულად ჩავრთავ მედიასა და ყველა დაინტერესებულ პირს და ყველას ვაჩვენებ, თუ რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ 2020 წელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მინისტრის განმარტებით, ახალი რეფორმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმები შესრულდება, რათა წვევამდელებმა ღირსეულ პირობებში იმსახურონ.  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა, რაც ჯარის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა