კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა

84 წლის ასაკში ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. კომპოზიტორი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში იყო გადაყვანილი.

ერთ–ერთი მისი უკანასკნელი საჯარო გამოსვლით მან სოლიდარობა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია "სირცხვილიას" გამოუცხადა:

"ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება. მინდა, გავემიჯნო იმ ადამიანის განცხადებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე. ბატონ რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. არ ვიზიარებ. საქართველომ ფეხზე წამოდგომა დაიწყო. მინდა, გავემიჯნო საერო და სასულიერო პირების იმ ნაწილს, რომლებიც ნაცვლას ურთიერთპატივისცემისა, ურთიერთდაპირსპირებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას... არ ვარ ხელისუფლებით კმაყოფილი. მგონია, რომ რაღაც ორმაგ პოლიტიკას თამაშობენ..." 

დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

„მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.

დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს სამძიმრის წერილში.

გია ყანჩელმა 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის(1962); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის(1985); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები); მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს