როდის გაიხსნება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან დე ფაქტო საზღვარი – ამ დრომდე უცნობია

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან დე ფაქტო სასაზღვრო გადასასვლელების გახსნის თარიღი ამ დრომდე უცნობია. აღნიშნული საკითხი ქართულმა მხარემ გუშინ ერგნეთის რიგით მეხუთე ტექნიკურ შეხვედრაზე დააყენა. თუმცა როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, ეს საკითხი განხილვის თემა არ ყოფილა:

„დიახ, ქართულმა მხარემ ეს საკითხი დააყენა იმიტომ, რომ მას მთავრი განსახილველი თემა – ქართული მხარის მიერ უკანონოდ გახსნილი წნელისის საგუშაგო უკავშირდება. როგორც იცით, ჩვენ საზღვრის გახსნას ვითარების ზოგად ნორმალიზებას ვუკავშირებთ და ამ მხრივ წნელისის საგუშაგოს გაუქმება, რაც ამ შეხვედრაზე კვლავ მთავარი განსახილველი საკითხი იყო, პირველ ნაბიჯად უნდა იქცეს.  

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ოსური დელეგაციის წარმომადგენლებმა ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს. 

"ამ შემთხვევაშიც დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, რომ გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს და იგი ემსახურება იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება. სამწუხაროდ, გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით პასუხი კვლავაც არ იქნა მიღებული და ამაზე ისევ გაგრძელდება მსჯელობა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. ამ პროცესში მთავარია ერთი რამ, რომ არ შეიძლება, ნებისმიერი უთანხმოება და პოზიციათა სხვადასხვაობა დაუკავშირო ჰუმანიტარულ საკითხებს, რომელიც პირდაპირ ეხება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ბედს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლებას“, - განაცხადა ანთაძემ.

იხილეთ ასევე: ცხინვალის რეგიონთან მიმოსვლა სრულად წყდება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"