ალან ჩოჩიევი: “2008 წლის ომი – ეს იყო ოსების გენოციდის გრანდიოზული რუსული პროექტი, რომელიც ქართველებისთვის უნდა დაებრალებინათ”

დღეს სოციალურ ქსელში ცნობილი ოსი ისტორიკოსისა და პოლიტიკოსის, ალან ჩოჩიევის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ის 2008 წლის აგვისტოს ომზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე საუბრობს.


ცნობისთვის: პროფესიით ისტორიკოსი ალან ჩოჩიევი ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის საწყის ეტაპზე თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავარი იდეოლოგი გახლდათ, იდგა სახალხო ფრონტ „ადამონ ნიხასის“ შექმნის სათავეებთან, იყო ოსური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მისივე დაწერილია “სამხრეთ ოსეთის ნაციონალური მოძრაობის კონცეფცია”. თუმცა მოგვიანებით ჩოჩიევმა შეხედულებები შეიცვალა: მასში გაჩნდა სხვა განწყობები, შეშფოთება იმის გამო, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა”. ამის ნიადაგზე ჩოჩიევს ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონფლიქტი დაეწყო და გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდა, სადაც 10 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ-სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. ბოლოს მან იქაური ხელისუფალის - ალექსანდრე ძასოხოვის რისხვაც დაიმსახურა და საბოლოოდ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელმაც მას 2009 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. გერმანიაში ჩოჩიევი წლების განმავლობაში აგროვებდა და აანალიზებდა ინფორმაციას 2008 წლის ომის თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო გრანდიოზული პროვოკაცია, რომლის მიზანს ოსი ხალხის გენოციდი წარმოადგენდა, მაგრამ არა ქართველების მხრიდან.


ინტერვიუ, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ჩოჩიევმა ბერლინში გამომავალ რუსულენოვან გამოცემა "ЕВРОПА-ЭКСПРЕСС"-ს 2012 წლის დასაწყისში მისცა, თუმცა მასში მოყვანილი ფაქტები ქართველი მკითხველისთვის, ვფიქრობთ, დღესაც საინტერესო იქნება. ამიტომაც “აქცენტი” ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:


“ჯერ კიდევ 2009 წლის მარტში დავწერე, რომ 2008 წლის აგვისტო – ეს ოსების გენოციდის პროექტი იყო. პირველი, რაც შევიტყვე, ის იყო, რომ 8 აგვისტოს დილით, როდესაც ქართული ”გრადები” ცხინვალს ამუშავებდნენ, რუსეთის 58-ე არმია ჯავაში იდგა, მისი მოწინავე სატანკო დანაყოფი - გუფთაში, ცხინვალიდან 18 კმ-ში. და ის იქ ორი დღე-ღამის განმავლობაში რჩებოდა. შოკირებული ვიყავი: ამ დროს ხომ ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა! ცხინვალი ქართველებისგან რუსებს არ გაუთავისუფლებიათ, 58-ე არმია 10 აგვისტოს უკვე გათავისუფლებულ ქალაქში შევიდა. როდესაც შემდეგ იმ ადამიანების გამოკითხვა დავიწყე, რომელთა ნდობაც შემეძლო, მივხვდი, რომ რუსული არმია ორი დღე უბრალოდ ელოდა, როდის ამოწყვეტდნენ ცხინვალში რაც შეიძლება, მეტ მშვიდობიან მოსახლეს, რათა შემდგომ ქართველები ოსების გენოციდში დაედანაშაულებინათ. თანაც, ნახეთ, როგორი ფაქტია: უკვე 2009 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ცხინვალის შტურმის შესახებ ამ შეტევამდე 4 საათით ადრე შეიტყო, ხოლო დაწყებიდან საათნახევრით ადრე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა სამხედროები შეკრიბა და სახლებში გაუშვა – არანაირი ომი არ იქნებაო, თავად კი ჯავაში გაემგზავრა, სადაც 58-ე არმია იდგა. ანუ, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ქალაქში თავდაცვისთვის არავინ ყოფილიყო მზად. […] ორ დღეში ქართველები ქალაქიდან განდევნეს. და რა ხდება შემდეგ? ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ცხინვალში რუსი გამომძიებლები და ექსპერტები ჩავიდოდნენ, პუტინმაც და მედვედევმაც ორ-ორჯერ გააკეთეს განცხადებები, რომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოხდა, - როგორც ჩანს, ძალიან ეჩქარებოდათ, ეს ფორმულირება “ორბიტაზე გაეშვათ». მათი წაქეზებით 10 და 12 აგვისტოს შორის მთელი უცხოური მედია გენოციდზე საუბრობდა. 12 აგვისტოს რუსული სატანკო შენაერთები თბილისისკენ დაიძრნენ. და ამავდროულად ცხინვალში რუსი გამომძიებლები იწყებენ მუშაობას, ეძებენ გვამებს. დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, როგორი იყო პროექტი: თბილისი ტანკებით ალყაში მოექციათ, დასავლეთისთვის განეცხადებინათ, რომ ცხინვალში გენოციდი მოხდა, სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემა მოეთხოვათ და პარალელურ რეჟიმში იმ დევნილებს, რომლებმაც სამხრეთ ოსეთიდან გასვლა მოასწრეს, ასევე ცოცხლად გადარჩენილებს მთელი მსოფლიოს გასაგონად დაეწყოთ მოსკოვისთვის მუდარა, სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეუერთეო. ვინ რას ეტყოდა ასეთ ვითარებაში რუსეთს, თუ იგი “გენოციდის მსხვერპლთა ნების აღსასრულებლად” სამხრეთ ოსეთს მიიერთებდა?! რესპუბლიკის არანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარიც კი აღარ იქნებოდა. მაგრამ რუსული ტანკები ბრძანებით შეაჩერეს თბილისიდან სულ რაღაც 30 კმ-ში, რადგან წამოვიდა გამომძიებლების მოხსენებები: 160-ზე ოდნავ მეტი გვამია, რაც გენოციდს ნამდვილად არ ჰგავსო [...]».


იმას, რომ ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობა, შეიძლება, ითქვას, არ დაზარალებულა იმ ვითარებაში, როცა ქალაქს “გრადებიდან” ბომბავდნენ და მიმდინარეობდა ქუჩის ბრძოლები, ჩოჩიევი ასე ხსნის:



«გრადებს» შეუძლიათ, დაანგრიონ სახლები, მაგრამ არა სარდაფები, სადაც მოსახლეობა იმალებოდა. თანაც ისროდნენ ძირითადად ქალაქის ცენტრის მიმართულებით, სადაც ადმინისტრაციული და არა საცხოვრებელი შენობები იყო განთავსებული. მაგრამ მთავარი აქ სხვა რამაა: დაღუპულთა ასეთი რაოდენობა მხოლოდ იმაზე შეიძლება, მეტყველებდეს, რომ ქართველ მოტომსროლელ ქვეითებს, რომლებიც შემდგომ ამაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ, რეალურად არანაირი ყუმბარები სარდაფებში არ შეუგდიათ. არც ერთი მსგავსი ფაქტი არ არის დაფიქსირებული. ანუ, რეალურად, სააკაშვილს არანაირი გენოციდი დაგეგმილი არ ჰქონდა. […] ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი იდიოტივით გაება ისტორიაში. ჩემი ვარაუდით, ქართულ სპეცსამსახურებს რუსულები დაუკავშირდნენ.


აქ მცირედი ისტორიული შესავალი უნდა გავაკეთო. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, როდესაც სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, გვთავაზობდნენ, თავად მოვლაპარაკებოდით ქართველებს დაახლოებით ამის შესახებ: სამხრეთ ოსეთის მთისწინა ნაწილი ოსური ვერანაირად ვერ იქნება – ეს საქართველოა, თქვენ მხოლოდ მთიან ნაწილზე შეგიძლიათ, ისაუბროთ, სადაც ოსური მოსახლეობა ცხოვრობს და ქალაქ ცხინვალზე - ოსურზე, რომელიც ვაკეზეა განთავსებულიო. მოსკოვში ღიად გვეუბნებოდნენ: შეუთანხმდით ქართველებს, იქ რაღაც ერთობლივი რეჟიმი გყავდეთ, მოელაპარაკეთ რაღაც კულტურულ ავტონომიაზეო.


ვფიქრობ, დაახლოებით ასეთივე წინიადადებით მიმართეს სააკაშვილს: აიღეთ ცხინვალი, მაგრამ მხოლოდ იმ ხაზამდე, ჯავამდეო. და მართლაც, 58-ე არმია ორი დღე იდგა და ახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ ამას იქით აღარ წავიდოდა: აი, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, რომ ტერიტორიებს ამ ხაზის გასწვრივ ვიყოფთ და ჩვენ შეთანხმების ჩვენს ნაწილს ვასრულებთო. სააკაშვილმაც დაიჯერა, რომ ტერიტორიის ნაწილი მისცეს, მთიანი ნაწილისთვის კი ალბათ, სამომავლოდ აპირებდა ვაჭრობას. და ეს ქართველებმაც მშვენივრად იცოდნენ, მათი თვითმფრინავები დაფრინავდნენ და ისიც კი სცადეს, გუფთის ხიდი დაებომბათ.


[…] როდესაც 9 აგვისტოს ცხინვალზე მეორე შეტევა იქნა მოგერიებული, ყველა დარწმუმნებული იყო: ან იქნებოდა მესამე, მასირებული, გადამწყვეტი, ან ყველაფერი დასრულდებოდა. მაგრამ პუტინმა 9 აგვისტოს პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან მოწყვეტა, ვლადიკავკაზში ჩასვლა მოასწრო და გენოციდის შესახებ საკრამენტული ფრაზა თქვა. სააკაშვილი, როგორც ჩანს, გაოგნდა: თუ მე შეთანხმების საფუძველზე ყველაფერი მომცეს და მოლაპარაკებულ ხაზს იქით არ მივძვრები, მაშინ პუტინი რას ჩამოვიდაო? როგორც ჩანს, მალევე მიხვდა, რომ უბრალოდ გამოიყენეს. ამის შემდეგ აღარც “გრადებიდან” უსვრიათ, არადა, შეეძლოთ. სააკაშვილი ყველაფერს მიხვდა და შეჩერდა. 58-ე არმია კი იძულებული გახდა, ქალაქში შესულიყო. შემდეგ რუსი გამომძიებლები იქ კიდევ დიდხანს ეძებდნენ გენოციდის მტკიცებულებებს, თუმცა მაინც ვერ იპოვეს. არადა, რესპუბლიკაში რაღაც საბაბით ხომ უნდა დარჩენილიყვნენ?! ამგვარად, მიერთების გეგმა ჩავარდა და დამოუკიდებლობის აღიარება მოუწიათ”.


საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა