გლდანის ციხესთან აქცია მიმდინარეობს

გლდანის ციხესთან  მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი შერჩევით სამართალს აპროტესტებენ.

მათი თქმით, ერთ–ერთი სპეცრზმელისთვის გირაოს შეფარდების მოტივად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა, მაშინ როცა 20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული აქციის ორი მონაწილის – ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი ხანია, მძიმეა, თუმცა მათ გირაოს არ უფარდებენ და ისინი დღემდე პატიმრობაში რჩებიან.

ბესიკ თამლიანი, რომელიც გლდანის ციხეში იმყოფება, ორშაბათიდან შიმშილობს. 

„მთავარი არხის“ განცხადებით, 20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული სამი სპეცრაზმელი – გიორგი ესეიშვილი, ლევან  იმერლიშვილი და გიორგი ამბარნიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ამჟამად ისინი ოჯახებში იმყოფებიან. მისივე ცნობით, არსებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ მათი პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ ფორმალურად მოხდებოდა და სპეცრაზმელები ციხეში მხოლოდ რამდენიმე დღეს გაატარებდნენ.

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 20 სექტემბრამდე გრძელდებოდა ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზურაბ ხანგოშვილი: „მომივიდა ინფორმაცია, შემდეგი სამიზნე შენ ხარო“