რატომ არ მოხვდა კილაძის კომიტეტის ანგარიშში გახმაურებული საქმეები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ დღეს კომიტეტის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა.

გასულ წელს კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორის მან კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, სამართლებრივი რეფორმები,  საზოგადოებასთან ურთიერთობა, ინტერნაციონალიზაცია და შიდა ორგანიზაციული საკითხები დაასახელა.  

როგორც კილაძემ აღნიშნა, მისმა კომიტეტმა მოსმენები გამართა საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული გამოწვევების, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის აღსრულების მდგომარეობისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დარღვევისა და სხვა საკითხებზე.

კილაძის ანგარიში ოპოზიციის კრიტიკის საგნად იქცა, უპირველესად – იმის გამო, რომ მასში არ მოხვდა მთელი რიგი გახმაურებული საქმეები, მათ შორის – ხორავას ქუჩის, აფგან მუხთარლის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ია კერზაიას, ვიტალი საფაროვის და სხვები.

როგორც ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ სოფიო კილაძემ განმარტა, ანგარიშში მხოლოდ ის საქმები შევიდა, რომელზეც კომიტეტმა იმუშავა.

თუმცა როგორც ამასთან დაკავშირებით „აქცენტს“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განუცხადა, ოპონენტების მიერ ჩამოთვლილი საქმეები უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებდა არა მარტო ამ კონკრეტული კომიტეტის, არამედ  ზოგადად პარლამენტის მხრიდან:

„მთავარი კითხვა სწორედ ეს არის: უნდა ყოფილიყო თუ არა ეს საქმეები, მათ შორის, კომიტეტის საქმიანობის ნაწილი? ჩვენ გვახსოვს არაერთი საქმე, რომლის გამოძიება ჩიხში შედიოდა, ან გამოძიებასთან  მიმართებაში იყო სერიოზული კითხვები, კერძოდ, გამოძიების პოლიტიკური ნების არარსებობასთან დაკავშირებით.  რა თქმა უნდა, ასეთ დროს პარლამენტს  ბევრად უფრო აქტიური როლის შესრულება შეუძლია პირველ რიგში, საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, ასევე იმ ფორმატების გათვალისწინებით, რომელიც მან ახალი რეგლამენტის პირობებში მიიღო. თუმცა არის ისეთი ფორმატებიც, რომლებიც ძველი რეგლამენტითაც იყო  გათვალისწინებული. მაგალითად, დროებითი საგამოძიებო კომისიის  შექმნა. არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ყველა  შემთხვევაში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, მაგრამ ფაქტია, პარლამენტის როლი და ადგილი ამ პროცეში შეიძლებოდა, უფრო  მნიშველოვანი ყოფილიყო. და მით უმეტეს იმ კომიტეტის, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვასთან და რომლის ძირითადი მიზანიც ეს არის. მთავარი კითხვაა, რატომ არ იყო იგივე ტიპის ფორმატები გამოყენებული ამ საქმეებთან დაკავშირებით?“.

როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, არსებობს  საქმეები, რომელთა გამოძიება და მათზე ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება შეიძლება, არა იმდენად პროფესიონალიზმზე ან ინფორმაციის მოძიებაზე, რამდენადაც პოლიტიკურ ნებაზე იყოს დამოკიდებული:

„შეიძლება, საქმეების ნაწილი ამიტომაც არ ხვდებოდა კომიტეტის საქმიანობაში. არ ვგულისხმობ მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომიტეტს, ვსაუბრობ ზოგადად კომიტეტზეც, გამიოძიებაზეც, სხვა სტრუქრურებზეც. შეიძლება, ნაკლები პოლიტიკური ნება იყო იმის, რომ ამ ტიპის სამეები ყოფილიყო გამოძიებული“.

მისი აზრით, ამ კომიტეტის როლი და ფუნქცია სწორედ ის უნდა იყოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და გახმაურებულ სამქეებს დაუთმოს ყველაზე მეტი ყურადღება.

„ოპონენტების ჩამონათვალში არაერთი საქმეა, რომელიც ვფიქრობ, უფრო მეტ ყურადღებას, უფრო  ეფექტურ და საფუძვლიან  გამოძიებას იმსახურებს, ვიდრე ამ მომენტისთვის გვაქვს“, – დასძინა სალაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა