ყველაზე ხშირად რომელი საჯარო უწყების თანამშრომლები იყენებენ სიძულვილის ენას

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ყველაზე მეტად სიძულვილის ენას თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს თანამშრომლები იყენებენ.

კვლევის მიხედვით, იმ გამონათქვამების უმეტესობა, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ან ჰომოფობიურია, ან ქსენოფობიური. ანგარიშში მოტანილია მაგალითები:

ნაირა სამსონაძემ, რომელიც დმანისის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი კოპაძის ბიუროს თანამშრომელია, გააზიარა სტალინის ფოტო ტექსტით: „აჩრდილი, რომელიც აფრთხობს მეტ..კე ლიბერალ პიდ...ებს“.

ნუგზარ ხუციბერიძემ, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გააზიარა პოსტი: „ნახეთ ეს ქათამი... შევარდნაძესაც მრავლად ჰყოლია პედ...ესტები გარემოცვაში“.

კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო უწყებებში ხშირად ინფორმაციაც არა აქვთ, თუ რა არის საჯარო გამოხატვა ან დისკრიმინაცია. პრობლემას ქმნის ისიც, რომ იურიდიულად სიძულვილის ენის განმარტება არ არსებობს.

„ჩვენ ვაკვირდებოდით თუ ვინ აზიარებდა პოსტებს და რა ჰქონდა მითითებული დასაქმების ადგილად. თუ საჯარო უწყება იყო, განცხადებით მივმართავდით სამინისტროს თუ სხვა უწყებას, რომ რეაგირება მოეხდინა“, - ამბობს მარინე კაპანაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას წარმომადგენელი.

განცხადება ჯამში 19 მოხელის წინააღმდეგ დაიწერა. GDI -ის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ რეაგირება ზემდგომი პირების მხრიდან უმეტეს შემთხვევაში მინიმალურია. ხშირად კი იგძნობა, რომ ისინი თავადაც ეთანხმებიან პოსტების შინაარს.

GDI რეკომენდაციას აძლევს საჯარო სამსახურის ბიუროს მოამზადოს სახელმძღვანელო საჯარო სექტორში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებისა და დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, შემდეგ კიეს სახელმძღვანელო საჯარო უწყებებში დასაქმებულებს გააცნოს.

ასევე რეკომენდაცია ეძლევა მთავრობას - შევიდეს N200 დადგენილებაში ცვლილება და ჩაიწეროს სიძულვილის ენის დეფინიცია, რომელიცევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ განმარტებას დაეყრდნობა: „სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუმწყნარებლობაზე დაფუძნებული შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა, მიგრანტთა ან მიგრანტების შთამომავალთა მიმართ გამოხატული მტრობის სახით“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა