რამდენს უხდის აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენისთვის

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. კომპანიის აქტივებში საქართველოს სამი მთავარი აეროპორტი შედის, რომელთაგანაც “აეროპორტების გაერთიანება” მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მართავს.


“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიების ოპერირების მხარდაჭერის მიზნით, მათ სპეციალურ “მარკეტინგულ დაფინანსებას” აძლევს. 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებს ჯამში 7,187,000 ლარი, 2016 წელს კი 3,157,000 ლარი გადაუხადა.


სახელმწიფოები ავიაკომპანიების დაფინანსებისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, მათ შორისაა მარკეტინგული დაფინანსება, რომელიც აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ დანიშნულების ქვეყანაში არსებული ფრენების რეკლამირებას ხმარდება. მართალია ეს დაფინანსება უფრო მეტად “სუბსიდირების” ერთ-ერთ ფორმას ჰგავს, თუმცა ქვეყნები მას საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებენ.


თავად აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიების 7 მილიონი ლარის დაფინანსების გამოყოფას ასე განმარტავს:


“მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების დანახარჯები მოიცავს ავიაკომპანიებისათვის გადახდილ წამახალისებელ ანაზღაურებას, შეთანხმებული კომპანიის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა წამახალისებელი პაკეტებით, რაც ორიენტირებულია ქუთაისისა და თბილისის აეროპორტების მიმართულებების რაოდენობის, სიხშირისა და/ან მგზავრთა ნაკადების გაზრდისთვის. მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების აქტივობების კომპენსირებისათვის კომპანია იხდის ყოველთვიურ წამახალისებელ ანაზღაურებას ავიაკომპანიების შედეგებიდან გამომდინარე (მაგ., ახალი მიმართულებები, მგზავრთა რაოდენობა პერიოდის განმავლობაში, სიხშირე პერიოდის განმავლობაში და .შ.), რომელიც არსებითად დაკავშირებულია წამახალისებელი პაკეტების მოთხოვნებთან,”- ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების 2017 წლის ფინანსურ ანგარიშში.


კონფიდენციალურია ინფორმაცია იმის შესახებ თუ უშუალოდ რომელმა ავიაკომპანიამ რა მოცულობის დაფინანსება აიღო “აეროპორტების გაერთიანებისგან.”


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვის მდგომარეობით, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზარზე პირველ ადგილზე Wizz Air-ი იმყოფება. ავიაკომპანია მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს და მან 2019 წლის პირველ 6 თვეში 348,850 მგზავრი გადაიყვანა.

წყარო: BM.GE
Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა