“ჩემი საქმეების მთავარი “შემოქმედი” დავით ღურწიევია და ეს ქართულ პროკურატურას მთავარმა მომჩივანმაც დაუდასტურა”

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების მთავარი “შემოქმედი” არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ფიგურანტი, ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ღურწიევია და ეს მეარაყიშვილის მიმართ ერთ-ერთმა მთავარმა მომჩივანმა -  იქაური მმართველი პარტიის წევრმა მაია ფარჩუკაშვილმა საქართველოს პროკურატურასაც დაუდასტურა.

“გუშინ იყო ბოლო მოსმენა ჩემს საქმეზე, ორ კვირაში განაჩენი გამოცხადდება. საქმის აღძრვის დღიდან ვამბობ, რომ ეს დავით გურწიევის “შემოქმედება” იყო: გარდა სურვილისა, ციხეში გავეშვი, მსგავსი აბსურდული საქმეების წერა მისი “ხელწერაა”. გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა თქვეს, “არ ვიცით, რა დაწერა გურწიევმა ჩვენს ნაცვლად ჩვენებებში, ჩვენ მხოლოდ ხელი მოვაწერეთო”. 

"მეტსაც გეტყვით, მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ განაცხადა ქართულ პროკურატურაში მაია ფარჩუკაშვილმაც [მეარაყიშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მომჩივანი – ოსური მმართველი პარტიის წევრი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც გააჩნია და ხშირად სტუმრობს თბილისს], რომლის ჩვენება სტრასბურგის სასამართლოს ნაწილი იქნება. დიახ, მან ქართულ პროკურატურასთან ითანამშრომლა და ჩემი საქმის “შემოქმედად” დავით გურწიევი დაასახელა, მას შეაწმინდა საჩივრების დაწერაზეც ხელი. 

პროკურატურის გამოძიების პარალელურად, მეც ვინტერესდებოდი,  როგორ მიდიოდა გამოძიება. არაერთი მოწმე მიკავშირდებოდა და აღწერდა ზეწოლას გურწიევის მხრიდან – სწორედ ასე მოიპოვა მან ჩვენებები. 

შეგახსენებთ, გურწიევი “წითელი ცირკულარით” იძებნება “ინტერპოლის” მიერ, მისი გვარი რუსეთის წინააღმდეგ ორ საქმეში ფიგურირებს. მესამე ჩემი საქმე იქნება. 

ვსვამ კითხვას: როგორ იცავთ ამ უღირს ადამიანს, რომელმაც საერთაშორისო დონეზე შექმნა პრობლემები?! 

ვიდრე პირადად არ მომეცა პროკურატურასთან შეხების შესაძლებლობა, ვერც კი წარმოვიდგენდი ცოდნის და გამოცდილების ასეთ დაბალ დონეს თანამშრომლების მხრიდან და ეს მე - არაიურისტმა შევნიშნე. თუმცა მათი მთავარი ძალა იარაღი და გადაჭარბებული ძალაუფლებაა და უცოდინრობა არ აღელვებთ. მათი "წარმატებული" მუშაობა ჩვენს გამძლეობაზეა. გუშინ მოწმეების გულწრფელი აღიარებით კარგად წარმოვიდგინე, რისი გადატანა უწევთ ადგილობრივებს პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან, რამდენი საქმე იქნება “შეკერილი” და რა დონის კორუფცია ტრიალებს. 

არანაირი ცილისწამება რომ არ ყოფილა, გუშინდელ სასამართლოზე მე და ჩემმა ადვოკატმა ფაქტებით ჩამოვაყალიბეთ, რაც შეეხება პასპორტს- რასაც მედავება პროკურატურა, აღიარებითი ჩვენება მისცა ერთ-ერთმა მოწმემ და ვნახოთ, მის წინააღმდეგ თუ აღიძვრება ს/ს 2საქმე? - ეს, რა თქმა უნდა, კითხვაა და არანაირად არა სურვილი. 

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ დიდი ხნის წინ წააგო ერთ ჩვეულებრივ მოქალაქესთან ეს სამარცხვინო ჭიდაობა. ვინ ვარ მე დღეს? - იმაზე ძლიერი, გამოცდილი, პოპულარული, ენერგიული, ვიდრე დაპატიმრებამდე; ჩემი საქმე მეორე წელია, გაეროს უმაღლესი კომისრის ანგარიშში ხვდება, ასევე ადამიანის უფლებებზე მომუშავე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში; ხდება ჩემი წარდგენა პრემიებზე, პრიზებზე; მედიამ გამიცნო; მწერენ ხელოვნების, სპორტის, ლიტერატურის, მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები, მირეკავენ, მამხნევებენ... ეს ცოტაა?! მესამე წელია, დაუღალავად გროვდება ჩემი დაცვისთვის მილიონები უცნობი ადამიანებისგან. მადლობა, მეგობრებო, ამ წლებისთვის, მადლობა დაუღალავი ინტერესის და თანადგომისთვის! იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე ვიყავი, - რაღაც ხეირი ამ საქმიდან მეც მივიღე”, - წერს თამარ მეარაყიშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"