„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოქალაქეებისთვის მაქსიმუმი გააკეთა"

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის გაცემული დაპირებების უმრავლესობა "შეძლებისდაგვარად შესრულებულია".

„არ არსებობს პოლიტიკური დაპირებები, რომლებიც 100 პროცენტით სრულდება, რადგან როდესაც ხარ ხელისუფლებაში, რაღაცას შეძლებ, რაღაცას ვერ შეძლებ. მთავარი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო ყოველთვის თავისი ღირებულებების გულწრფელად ერთგული. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემს თავზე შემიძლია გითხრათ, სხვებზე რომ არ ვისაუბრო. ვალდებულებების ტვირთი, რა თქმა უნდა, მეც შევეცადე ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, ღირსეულად გვეტარებინა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მართლმსაჯულების ნაწილში ისეთი საკანონმდებლო რეფორმები განახორციელა, რომლებიც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გამოიყენება.

„ამას წინათ გახლდით სერბეთში, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან. მართლმსაჯულების რეფორმების სწორედ ჩვენი პირველი, მეორე და მესამე ტალღა  იქ არის განხილვის საგანი, თუ როგორ უნდა გაიზიარონ ეს გამოცდილება. ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ღიაობის, გამჭვირვალობის კუთხით, ადამიანის უფლებების მაღალი ხარისხის დაცვის კუთხით, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი დაპირება. რაც შეეხება ეკონომიკასა და სხვა პარამეტრებს, აქ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის ის, რაც არის. შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმ ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში, რაც ქვეყანას აქვს, საკუთარი მოქალაქეებისთვის მაქსიმუმი გააკეთა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"