უკრაინაში ლიკვიდირებული ჭიჭიაშვილის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

უკრაინაში ლიკვიდირებული შოთა ჭიჭიაშვილი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა სახელითა და გვარით გადაადგილდებოდა. კერძოდ, ის უკრაინაში შევიდა ისრაელის მოქალაქის პასპორტით, ხოლო ცხედრის ჩხრეკისას მას კიდევ ერთი ქვეყნის – სლოვაკეთის პასპორტი აღმოაჩნდა. მისი მიზნების შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ ჭიჭიაშვილი მისი გარემოცვის შესახებ აგროვებდა ინფორმაციას.

ჭიჭიაშვილი უკრაინაში სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლისას მოკლეს.

ცნობისთვის: ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში მსჯავრდებული შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი, რომელსაც 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ამნისტიის საფუძველზე და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შედეგად ქართული საპატიმროდან 2013 წელს გაათავისუფლეს.

მოგვიანებით "ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე აცხადებდა, რომ ჭიჭიაშვილი ჩართული იყო 2016 წელს მისი ავტომანქანის აფეთქების საქმეში. 

შეგახსენებთ, რომ შოთა ჭიჭიაშვილი მოსკოვში 2003 წლის 24 ივნისს დააკავეს. რუსეთის ხელისუფლებას მან პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. შოთა ჭიჭიაშვილმა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების საკითხი მეორედ დააყენა. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ფაქტი გახდა ჭიჭიაშვილის საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ჩაბარების პროცესის გაჭიანურების მიზეზი.

2004 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 19 საათზე, მოსკოვში დაკავებული კრიმინალის შოთა ჭიჭიაშვილის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.

28 წლის შოთა ჭიჭიაშვილს შეიარაღებულ ბანდიტურ დაჯგუფებებში მონაწილეობისათვის ქართველი სამართალდამცავები 1997 წლიდან ეძებდნენ. 2000 წლიდან იგი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამ დროისათვის მას უკვე ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებში ედებოდა ბრალი. გამოძიების მტკიცებით, სწორედ მისი ორგანიზებულია ისეთი ცნობილი და გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, ესპანელი ბიზნესმენების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისა და პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება და პანკისის ხეობაში დატყვევება.

1975 წელს პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაბადებული შოთა ჭიჭიაშვილი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ 2005 წლის 21 იანვარს ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე, 236-ე, 209-ე, 104-ე, 179-ე და 143-ე მუხლების მიხედვით. უზენაესი სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ჭიჭიაშვილს მსჯავრი დაედო ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში. მათ შორის ყველაზე გახმაურებული 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს გატაცების ფაქტია. სასამართლომ ჭიჭიაშვილს, საბოლოოდ, 22 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. ჭიჭიაშვილი პატიმრობაში 8 წელი და რამდენიმე თვე იმყოფებოდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქურთებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ციხე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან დაცალეს