„წნელისის კრიზისი“ თბილისსა და ცხინვალში მმართველ ელიტებს ურტყამს

ბოლო დროს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან დე ფაქტო საზღვარზე განვითარებული მოვლენები როგორც თბილისში, ისე ცხინვალში მმართველ ელიტებს შიდა პრობლემებს უქმნით. ოსური და ქართული ოპოზიციები, შესაბამისად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებას“ „წნელისის კრიზისის“ გამო კრიტიკის ქარ–ცეცხლში ატარებენ. ამასთან, ცხინვალში შიდა დაპირისპირების ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, საკითხის განხილვამ დე ფაქტო პარლამენტის დარბაზში გადაინაცვლა, სადაც 2 ოქტომბრიდან „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დღემდე არადელიმიტირებულობის მიზეზების“ განხილვა დაიწყო. 

ოფიციალური ფორმულირებით, განხილვების მიზანია, „დადგინდეს მიზეზები, რომელთა გამოც დაიკარგა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონტროლი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის წნელისის მონაკვეთზე და იქ ქართული საგუშაგოს გახსნა გახდა შესაძლებელი“. 

ვინაიდან განხილვები დახურულია, რაზე ისაუბრეს ოსმა დე ფაქტო დეპუტატებმა – უცნობია. თუმცა კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ოსურ ე.წ. პარლამენტში წინა დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი აიბარეს. 

აქედან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომ დე ფაქტო მმართველი ძალის ფრაქცია პროცესის გაჭიანურებასა და მასში რაც შეიძლება, მეტი ფიგურანტის ჩაბმას გეგმავს, უპირველესად – წინამორბედი რეჟიმების წარმომადგენლების, რათა შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სხვებს გადაუნაწილოს.  

თავის მხრივ, ოსური ოპოზიცია გაჭიანურებაში დაინტერესებული არ არის, მისთვის, ისევე, როგორც იქაური საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ბრალდებების ადრესატი ცალსახაა; სოცქსელების ოსურ სეგმენტში მომხმარებლები დე ფაქტო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ „დროულად არ აღმართა სოფელ წნელისთან სასაზღვრო კომუნიკაციები, რითაც ქართველებმა ისარგებლეს და ოსურ მიწაზე საგუშაგო აღმართეს“.

არანაკლები კრიტიკა ისმის ხელისუფლების მიმართ თბილისშიც. აქ პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ „ქართული ოცნების“ უსუსური მმართველობის გამო ოსმა და რუსმა ძალოვანებმა მავთულხლართი პირდაპირ ქართულ სოფლებზე გაავლეს და ამით კრემლს მთელი მსოფლიოსთვის მის მიერ შექმნილი „ახალი რეალობის“ დემონსტრირების შესაძლებლობა მისცეს, საქართველო კი ამ ფონზე რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის უუნაროდ წარმოაჩინეს". მსგავსი პოზიცია აქვს, მაგალითად, პოლიტოლოგ გელა ვასაძეს

„ჩემთვის საქართველოს ხელისუფლების მოქმედების ლოგიკა იმთავითვე გაუგებარია: რატომ არის საოკუპაციო ხაზი დაუცველი? რატომ არ უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ამ ხაზის გასწვრივ? ამაშია ყველა პრობლემის საწყისი. იქ რომ მკაფიოდ მდგარიყო ჯარი – აგერ არის საოკუპაციო ხაზი, აგერ არიან ისინი, აგერ ჩვენ - მსგავსი სიტუაციები არ შეიქმნებოდა. შემდეგ კი უკვე შეიძლება საუბარი გამშვებ პუნქტებზე, იმაზე, თუ რა ურთიერთობები გვექნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან – ეს უკვე მეორე საკითხია. თუმცა დაწყებული 2008 წლიდან საქართველო, როგორც სახელმწიფო არ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას – საოკუპაციო ხაზს აქეთ მცხოვრები თავისი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას, თორემ იქეთა მხარეს რომ ვერ შეძლებენ – ეს გასაგებია.

– თუმცა იქით მხარეს, ახალგორის რაიონში საქართველოს ათასობით მოქალაქე ცხოვრობს. ალბათ, გსმენიათ, რომ „უსაფრთხოების’ მოტივით ცხინვალმა გამშვები პუნქტები დახურა და ეს ფაქტობრივად, ულტიმატუმია: სანამ საგუშაგოს არ აიღებთ, საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული იქნებაო ...

– გასაგებია, რომ ახალგორში საქართველო თავისი მოქალაქეების ვერც უფლებებს, ვერც სიცოცხლეს უზრუნველჰყოფს, ამის გამო აუცილებელია საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეფექტური მოდელი. სადღეისოდ ახალგორში ობიექტური მიზეზების გამო ეს ეფექტური მოდელი – ეს არის ევაკუაციის წინადადება ყველაფერ დანარჩენის უზრუნველყოფით. ვფიქრობ, ბიუჯეტი ამას გაუძლებს – არცთუ ისე ბევრია იქ ხალხი“.

ამასობაში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში უკვე რიგით მეხუთე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, თუმცა რაიმე ხელშესახები შედეგი არ ჩანს და როგორც ოსი ექსპერტი როლანდ ქელეხსაევი მიიჩნევს, იგი უკვე არც სამომავლოდ არის მოსალოდნელი:

„ომის შემდეგ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობებიდან მთავარი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ან ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ქმედება ახალ სტატუს–ქვოს ქმნის და ნებისმიერი რამის უკან დაბრუნება უკვე მათთვისაც და ჩვენთვისაც შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფლება წნელისის საგუშაგოს, დიდი ალბათობით, აღარ გააუქმებს, ჩვენ კი ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიზამთ, მოგვიწევს, ამ ახალ სტატუს–ქვოს შევეგუოთ. სამომავლოდ მსგავსი კრიზისების თავიდან აცილების ერთადერთი გზა მათი არდაშვებაა. უნდა ვიმუშავოთ დასწრებაზე ან არ გადავდგათ ნაბიჯები, რომელსაც შესაძლოა, არასასურველი შედეგები მოჰყვეს“.

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანი,,სხვა არაერთი ექსპერტის მსგავსად, დარწმუნებულია, რომ წნელისთან ქართული საგუშაგოს განთავსების პროვოცირება ოსმა და რუსმა მესაზღვრეებმა მოახდინეს, როდესაც მავთულხლართს პირდაპირ ქართული სოფლების გავლით ავლებდნენ". მისი აზრით, თბილისს უბრალოდ არ შეეძლო, საპასუხო ნაბიჯები არ გადაედგა.

მას ნაწილობრივ ოსი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვიც ეთანხმება, რომლის აზრით, „შეიძლებოდა, საზღვარიც მოწყობილიყო და წნელისის კრიზისიც აცილებულიყო თავიდან, მესაზღვრეები რომ ბრმად არ მისდევდნენ რუქებს და მეტ დელიკატურობას იჩენდნენ სასაზღვრო რაიონების მაცხოვრებელთა მიმართ“: 

„რა შუაშია აქ GPS? კიდევ გავიგებდი, ეს რომ ორმხრივი პროცესი იყოს და საქართველოსთან განვიხილავდეთ, სად გადის საზღვარი. მაგრამ საქართველო ამ საზღვარს არც ერთ ვარიანტში არ აღიარებს და ჩვენთან საუბარი არ სურს. მაშ რისთვის ვავლებთ რიგ შემთხვევებში საზღვარს ოსური სოფლის შუაში, რიგ შემთხვევაში – ქართულის?! შედეგად აქაც და იქაც უკმაყოფილოები არიან. ხომ შეიძლებოდა, ისე გაკეთებულიყო, რომ მაქსიმალურად შეგვემცირებინა უკმაყოფილოთა რაოდენობა? ზოგადადაც ამ პროცესების მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. რუქების ესოდენ სკურპულოზური მიდევნება უაზრობა იყო, რადგან თუ ოდესმე საქართველო სამხრეთ ოსეთს აღიარებს, საზღვრის ტრაექტორიის განსაზღვრა თავიდან მოგვიწევს, ხოლო თუ არა  – განსახილველი აღარაფერია“. 

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის უყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა