მამუკა ხაზარაძე: "საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე"

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მის მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის მისამართით დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

„ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური. თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია, ისევე როგორც „ოცნების“ მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით. საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"