ნატო-საქართველოს კომისია რუსეთს მიმართავს

ნატო-საქართველოს კომისია რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კერძოდ, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები.

„მოკავშირეები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაზე. ვგმობთ ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე შემთხვევებს, რომლებსაც ადგილი აქვთ აღნიშნულ რეგიონებში, ასევე ამ რეგიონების მილიტარიზაციას, მავთულხლართების, ღობეებისა და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სხვა ხელოვნური, საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის განახლებას. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთო-ს პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კერძოდ, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები, რომლებიც იქ იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე, და საშუალება მისცეს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. მივესალმებით საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და ძალის არგამოყენების თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯები. მოკავშირეები არ აღიარებენ ე.წ. არჩევნებს, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ივნისსა და აგვისტოში ჩატარდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ჩართულობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს და მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ მოახდინოს ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაცია. ასევე, მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას, გააუმჯობესოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონე. მოკავშირეები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ასევე, ხაზს უსვამენ საკვანძო საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღების აუცილებლობას მოლაპარაკებათა პროცესში, რათა მოხერხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადების მეცხრე პუნქტში.

სრული ტექსტი იზილეთ http://accentnews.ge

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
17 დეკემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს