ომბუდსმენი მამუკა ხაზარაძეს სექსისტური განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქირიშვილისმისამართით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისგამონათქვამი არის სექსისტური შინაარსის და აძლიერებს დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცისათვის განსაზღვრული გენდერული როლების შესახებ.

„მამუკა ხაზარაძის აღნიშნული განცხადებით წარმოჩენილია, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში შეიძლება იყოს კომპეტენტური, ხოლო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი ჩართულობის უნარი, განათლება და კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არის დაყენებული“.

სახალხო დამცველი აღინიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძეს, როგორც საჯარო პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ თავისი განცხადებებით არ მოახდინოს ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია – სქესზე აპელირებით.

„პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამამცირებელ სტერეოტიპებს“,- აცხადებს სახლახო დამცველი და მოუწოდებს მამუკა ხაზარაძეს მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამებისაგან და მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან