ტრამპმა ჩინეთს მოუწოდა, ქვეყანაში ბაიდენების საქმიანობა გამოიძიოს

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მოუწოდა ჩინეთს, ქვეყანაში ჰანტერ ბაიდენისა და მამამისის – აშშ–ის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტის, ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის საქმიანობა გამოიძიოს.

„ჩინეთმა უნდა გამოიძიოს ბაიდენები. ის, რაც ჩინეთში მოხდა, არაფრითაა უკეთესი იმაზე, რაც მოხდა უკრაინაში“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა იქვე დასძინა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობისთვის გამოძიების ჩატარების შესახებ პირადი თხოვნით არ მიუმართავს. 

საუბარია 2013 წელს ჯო ბაიდენის ჩინეთში ვიზიტზე, რომლის დროსაც მას ვაჟიც ახლდა თან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმხანად ჰანტერ ბაიდენი ჩინელი ინვესტორების მონაწილეობით ჩინურ საინვესტიციო ფონდს ქმნიდა. ვიზიტად 10 დღეში შანჰაის ხელისუფლებას ფონდის გახსნის ლიცენზია გასცა. ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ ვიზიტის დროს შეხვდა ჩინელ ბანკირ ჯონათან ლიის, რომელიც მას ფონდის შექმნის მიმართულებით ეთანამშრომლებოდა. ტრამპი ირწმუნება, რომ შედეგად ჰანტერ ბაიდენმა მოახერხა ჩინეთიდან საკუთარი ახალი ფონდისთვის 1,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მიეღო. თავის მხრივ ჰანტერ ბაიდენის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიზიტის დროისთვის იგი კომპანიის მფლობელი არ იყო და მისი თანამფლობელი მხოლოდ მამამისის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახდა, ხოლო ამ ფონდში მისი აქტივები, მხოლოდ რამდენიმე ასეულ ათას დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფონდის საერთო აქტივები გაცილებით ნაკლები იყო 1,5 მლრდ დოლარზე, რომელსაც ტრამპი ახსენებს.

დონალდ ტრამპის ჩინეთისადმი მიმართვა მოჰყვა ანალოგიურ მიმართვას უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისადმი. როგორც გაირკვა, ჰანტერ ბაიდენი 5 წლის განმავლობაში გახლდათ კომპანია "ბურისმა ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და ამერიკული მედიის ინფორმაციით მისი თვიური ანაზღაურება 50 000 დოლარს შეადგენდა. უკრაინის პროკურატურა „ბურისმას“ საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა, რომელიც უკრაინის გენპროკურორის თანამდებობიდან ვიქტორ შოკინის გადაყენების შემდეგ შეწყდა. თავად შოკინი კი თანამდებობიდან ვიცე–პრეზიდენტ ბაიდენისა და სხვა დასავლელი ლიდერების მოწოდების შემდეგ გადააყენეს, რომლებიც მას კორუფციაში ადანაშაულებდნენ.

არანაირი მონაცემები ჰანტერ ბაიდენის პოტენციურად უკანონო ქმედებების შესახებ არ არსებობს. ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ არაფერი იცოდა უცხოეთში მისი ვაჟის ბიზნეს–საქმიანობის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ამერიკული სპეცსამსახურების ჯერ–ჯერობით არდასახალებული თანამშრომლის სიგნალის შესწავლა დაიწყო, რომლის თანახმად, აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა ტრამპმა კანონი დაარღვია, მოუწოდა რა, უკრაინის პრეზიდენტს ამ ქვეყანაში აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის ვაჟის საქმის გამოძიებისკენ, რადგან ეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევას ნიშნავს. ზემთთქმული შესაძლოა, ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის საფუძვლად იქცეს.ა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა