შოთა ჭიჭიაშვილი: ამბავი ამნისტიისა შემდგომი ჩაცხრილვით

კიევის გარეუბანში მომხდარი ხმაურიანი შეიარაღებული ინციდენტი შესაძლოა, საქართველოში არანაკლებ ხმაურიანი სკანდალის მიზეზად იქცეს. უკრაინელი სპეცრაზმელების მიერ ლიკვიდირებული შოთა ჭიჭიაშვილი სამშობლოში კარგად ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი აღმოჩნდა, რომელიც არაერთ მძიმე დანაშაულში სცნეს დამნაშავედ, მისჯილი ჰქონდა მარავალწლიანი საპატიმრო ვადა, თუმცა ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ამნისტიით იყო გათავისუფლებული. ახლა ქართული ოპოზიცია მმართველ ძალას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში კრიმინალების გამოყენებაში ადანაშაულებს. 

ოპერატიული ვიდეომასალა, რომელიც კიევის ოლქის სოფელ ხოტიანოვკაში სამშენებლო ვაგონის შტურმს ასახავს (სწორედ ამ ვაგონში იმალებოდა შოთა ჭიჭიაშვილი), შემდგომი შეიარაღებული დაპირისპირება და ბოროტმოქმედის ლიკვიდაცია ბოლო დღეებში უკრაინული საინფორმაციო სივრცის მთავარ თემას წარმოადგენს. ერთი შეხედვით თითქოს წმინდად კრიმინალური სიუჟეტის უკან პოლიტიკური თემა იწყებს განვითარებას. თანაც ამ უკანასკნელის ფესვები ჭიჭიაშვილის სამშობლოში მიდის. საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში მისი და მისი გარემოცვის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად იყო მივლენილი.

„კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და უკრაინელ სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

ჭიჭიაშვილს მდიდარი კრიმინალური ბიოგრაფია აქვს: 1998 წელს თანამდებობისთვის შეუფერებლობის მოტივით საქართველოს შსს–ს სპეცდანიშნულების რაზმიდან გათავისუფლებული ჭიჭიაშვილი პანკისის ხეობაში დაბრუნდა, სადაც, ქართველი სამართალდამცველების მონაცემებით, კრიმინალური საქმიანობით დაკავდა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, სწორედ ჭიჭიაშვილი იყო საერთაშორისო "წითელი ჯვრის" ორი თანამშრომლის – იტალიელი ნატაშა ზულინოს და ფრანგი სოფი პროკოფიეფის, ასევე ბრიტანელ ბიზმესმენ პიტერ შოუს, ესპანელი მეწარმეების ანტონიო ტრენილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის, ასევე ქართველი სასულიერო პირის - ბასილი მაჩიტაძისა და სამთავრობო დაცვის სპეცრაზმის თანამშრომელ მამუკა არაბულის, დასასრულს კი იმხანად დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი მეგობარი გოგონას გატაცების მთავარი ორგანიზატორი.  

ოფიციალურად იგი საერთაშორისო ძებნაში 1999 წელს გამოცხადდა. ოპერატიული მონაცემებით, 2001 წლამდე ჭიჭიაშვილი საქართველოში იმყოფედებოდა, ხოლო შემდეგ, როგორც შსს ირწმუნება, მოსკოვში გაიქცა, თუმცა პანკისთან კავშირი არ გაუწყვეტია. მოსკოვში „ნომერ პირველი ტერორისტი“, როგორც მას საქართველოში უწოდებდნენ, 2003 წლის ივნისში დააკავეს. იმხანად უშიშროების შეფი ვალერი ხაბურძანია იხსენებს:

„შოთა, იგივე მევლუდ ჭიჭიაშვილი ნომერ პირველი ტერორისტი იყო, გამტაცებელი, კრიმინალი, საკმაოდ ნიჭიერი და ავტორიტეტული იმ რეგიონში, სადაც, ასე ვთქვათ, საქმიანობდა. მაშინ, გადაცემამდე მე მას მოსკოვში შევხვდი, მითხრა, რომ კრიმინალურ წარსულს გამოემშვიდობა, თუმცა, როგორც ჩანს, არა“.

მაშინ ჭიჭიაშვილის დაკავებამ პანკისში ვნებათაღელვა გამოიწვია. 2004 წლის იანვარში მის მშობლიურ სოფელ მატანში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჭიჭიაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპცია იყო დარღვეული, რომ იგი სამარტოო საკანში იყო მოთავსებული და მასთან უფლებადამცველებს არ უშვებდნენ. ჭიჭიაშვილი დამნაშავედ სცნეს და 22–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 8 წელიწადში, 2013 წლის ივნისს საქართველოს ახალი ხელისუფლების – „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ამნისტიით ციხიდან გათავისუფლდა.

სააკაშვილის ხელისუფლების შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსანი ხატია დეკანოიძე ირწმუნება, რომ ჭიჭიაშვილის ამნისტია საქართველოს თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის – პოლიციის გენერალ თამაზ თამაზაშვილის პირადი პროტექციით განხორციელდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იარაღისა და  ასაფეთქებელი მასალების უკანონო შენახვაში იყო ბრალდებული.

„ჭიჭიაშვილი არ გახლავთ ის დამნაშავე, რომელიც უკრაინაში უბრალოდ კრიმინალური საქმიანობისთვის ჩავიდა. მას სპეციალური მისია ჰქონდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭიჭიაშვილს თან ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტები და პირადობის მოწმობები. ასევე ცნობილია, რომ უკრაინაში იგი სხვა გვარ–სახელით იმყოფებოდა. ადამიანმა, რომელიც თამაზაშვილის მეგობარი გახლდათ და კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, 2013 წელს ციხე მხოლოდ და მხოლოდ თამაზაშვილის დახმარებით დატოვა, რომელმაც, ფაქტობრივად, მისი შეწყალება უზრუნველჰყო“.

ჭიჭიაშვილის გვარი 2016 წელს ოპოზიციონერ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში ამოტივტივდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში სხვა პირი სცნეს დამნაშავედ და გაასამართლეს, თარგამაძე ირწმუნებოდა და დღემდე ირწმუნება, რომ მასზე თავდასხმის უკან სწორედ ჭიჭიაშვილი იდგა. 

იმ აზრს, რომ შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში „ჩასეირნებული“ კრიმინალი არ იყო, „კავკასიის ინტერნეტ–მედია–ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი კაპანაძეც იზიარებს. იგი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ გარდაცვლილს აღმოაჩნდა სპეცაღჭურვილობა, რომელსაც რიგითი დამნაშავე უბრალოდ ვერ მოიპოვებს:

„შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ უკრაინელმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ძალზე სპეციფიური შეიარაღება, რომლის ტარების უფლებაც მხოლოდ სპეცსამსახურებს აქვთ და რომელსაც, "შავ ბაზარზეც" კი ვერანაირად ვერ მოიპოვებ. გარდა ამისა, ჩვენი მონაცემებით, შოთა ჭიჭიაშვილს აღმოუჩინეს სხვა სპესმოწყობილობები და რუქები. ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ იგი უკრაინაში სპეცდავალებით იყო ჩასული“.

საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ხმამაღალი განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინული მხარეც.

რით იყო დაკავებული შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს უკრაინაში, უცნობია. ცხადია მხოლოდ, რომ ყოფილ სპეცრაზმელს არანაირი შეხება არ ჰქონდა „ქართულ ლეგიონთან“ –უკრაინის აღმოსავლეთში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ფორმირებასთნ.

ამასობაში ქსელში გაჩნდა მიხეილ სტაშენკოს სახელზე გაცემული უკრაინული პასპორტის კადრები შოთა ჭიჭიაშვილის ფოტოთი. ქვეყნის ტერიტორიაზე იგი, ჯერჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქის პასპორტით მოხვდა, ხოლო ცხედრის ჩხრეკისას მას კიდევ ერთი ქვეყნის – სლოვაკეთის პასპორტი აღმოუჩინეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა