"საქართველოს მომავალს რუსეთის ფედერაცია ვერ განსაზღვრავს"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს და არა რუსეთი. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ოკუპაციასა და ამ კუთხით ქვეყნის წინასე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და ეს არა გაყინული კონფლიქტი, არამედ გამოწვევა, რომელიც უარესი სახით დღემდე გრძელდება. 

"ეს გულისხმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, ჩვენი მოქალაქეების გატაცების შემთხვევებს, გულისხმობს სხვადასხვა საფრთხეებს, რაც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.


მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც საკმაოდ დიდ ენერგიას, დიდ ყურადღებას მოითხოვს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად, საქართველო მაინც რჩება თავისი მომავლის შექმნის პროცესში ოპტიმისტურად და თავდაჯერებულად, იმ ვალებულებების ერთგული, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისა და პარტნიორების წინაშე. გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დასავლეთთან ერთად საქართველო ქმნის თავის მომავალს და მომენტს, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი მშვიდობიანი, დემოკრატიის გაძლიერების უფრო ძლიერი ეკონომიკის შექმნის და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის წარმოების გზით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ